საფეხბურთო ტაიმაუტი | საქართველოს ჯგუფში მოხვედრამ ქეცბაია უხერხულ ვითარებაში ჩააგდო - ცხადაძე ევრო 2024-ის შესარჩევის წილისყრაზე #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“ ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში ჩვენი ეროვნული გუნდის მეტოქეებზე ისაუბრა და განსაკუთრებით თემურ ქეცბაიაზე გააკეთა აქცენტი.
„ნორვეგიის ნაკრების შემთხვევაში ჰალანდთან გადასახედი იქნება დაცვის განლაგება, რადგან ჩვენ თუ დაცვაში ჩავჯექით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემა შეგვექმნება.
ქეცბაიას კომენტარი წავიკითხე და ვეთანხმები, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რა ემოცია უნდა ჰქონდეს საქართველოს ნაკრებთან. თემური იყო, არის და იქნება თავისი ქვეყნის პატრიოტი.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხანია, საქართველოდან საცხოვრებლად წავიდა და კვიპროსზე ცხოვრობს, ამით მის დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა. ჩვენ ერთად დიდი ხანი ვთამაშობდით „დინამოში“, შემდეგ ნაკრებში და თავისი ქვეყნისთვის ყოველთვის სულს და გულს დებდა.
მეორე – მისი პროფესიონალიზმი მინდა აღვნიშნო. მივიდა გუნდში, რომელიც ფაქტობრივად დაშლილი იყო, 21 მატჩი მოგებული არ ჰქონდა და ჯგუფის ლიდერი საბერძნეთი დაამარცხა. ერთ მხარეზე დგას ემოციები და მეორეზე – პროფესიონალური დამოკიდებულება. რაღაც ცუდ ვითარებაშია.
დარწმუნებული ვარ, რომ თავს გაართმევს. ფაქტია, რომ ჩვენი კონკურენტია და ამ დაპირისპირებაში საკუთარ ნაკრებს ვუგულშემატკივრებთ, დანარჩენ მატჩებში კი – თემურ ქეცბაიას კვიპროსს“, – ამბობს თემურ ქეცბაიას მეგობარი და მისი ყოფილი გუნდელი.