საფეხბურთო ტაიმაუტი | სანიოლმა გვაჩვენა, რომ გუნდის მობილიზება შეუძლია - ფეხბურთის სპეციალისტები ევრო 2024-თან დაკავშირებულ მოლოდინებზე საუბრობენ #1TVSPORT
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა და საფეხბურთო ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა, ცნობილმა მწვრთნელმა გიორგი ცეცაძემ და საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა, კახა გოგიჩაიშვილმა ისაუბრეს.
კახა გოგიჩაიშვილი – „საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშები ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ყველა ველოდებით ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს თურქეთის ნაკრებთან პირველ შეხვედრას. ამას თავისებური დაძაბულობა და ნერვიულობა ახლავს, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელები ისეთ განწყობაზე არიან, ზედმეტი წნეხისა და ემოციების გარეშე უნდა გავიდნენ მოედანზე და მაქსიმუმი აჩვენონ. იმედიანად ვარ განწყობილი, რომ ღირსეულად ითამაშებენ“.
გიორგი ცეცაძე – „ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მენტალურად უფრო გააძლიერა. პოტენციალი კი ძალიან დიდია – საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელები ყოველთვის იბადებიან. პირველი ბარიერი გადალახულია, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ახლა ბიჭებს შეუძლიათ, რომ ლაღად და თავისუფლად ითამაშონ.
ჯგუფი გვაძლევს შანსს, რომ მეოთხედფინალში გავიდეთ. საამისოდ, მხოლოდ დაცვიდან თამაში არ იკმარებს, რაღაც შესაცვლელი იქნება, მაგრამ სანიოლმა საბერძნეთთან აჩვენა, რომ შედეგის მისაღწევად გუნდის გადაწყობა შეუძლია. გაიხსენეთ, რამაზ სვანაძის გაწვრთნილი ახალგაზრდული ნაკრები შარშან ევროპის ჩემპიონატზე რა ჯგუფიდან გავიდა. ამის გაკეთება ეროვნულ გუნდსაც შეუძლია, მაგრამ თუ არ გამოვა, არც ეს იქნება კატასტროფა“.
ვლადიმერ გუცაევი – „მე ყოველთვის გამოცდილებაზე ვლაპარაკობ, რაც დიდ ტურნირზე თამაშის დროს აუცილებელია და, შესაძლოა, ეს ხელისშემშლელი ფაქტორი იყოს, მაგრამ მაინც მჯერა, რომ ჩვენი ბიჭები თავისუფლად ითამაშებენ და შედეგსაც მიაღწევენ“.