საფეხბურთო ტაიმაუტი | საკუთარი თავის უნდა ვირწმუნოთ, რომ თურქეთის კი არა, პორტუგალიის დამარცხებაც შეგვიძლია - ოქრიაშვილმა ახალი თაობის ფეხბურთელებზე ისაუბრა #1TVSPORT
თორნიკე ოქრიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებასა და ახალი თაობის მოთამაშეებზე ისაუბრა, რომელთაც საფეხბურთო თავხედობა მოუწონა.
„ქართულ ფეხბურთში ბოლოს 14 წლის წინ ვითამაშე. ჩემპიონატი უკეთესობისკენ შეიცვალა. ჩემს დროს ახალგაზრდებს შანსს არ აძლევდნენ და ამ მხრივ ბევრი რამ შეიცვალა. ეს შანსი ბევრმა გამოიყენა. პლუს მოედნები გაკეთდა და პირობები უკეთესია. ტემპმაც მოიმატა, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
ჩვენ დროს უფრო დაკომპლექსებულები ვიყავით. ახლა უფრო გამბედავი და, კარგი გაგებით, საფეხბურთო გაგებით, „თავხედი“ ბავშვები არიან. ადრე თუ ორ შეცდომაზე ნერვიულობდი, ვაიმე, მესამე შეცდომა არ დავუშვაო, ახლა ასეთები არ ახასიათებთ. თავის თავზე ბევრს იღებენ და ბევრის გაგება უნდათ. ჩემი აზრით, ეს ფეხბურთელის ყველაზე კარგი თვისებაა.
არის თუ არა ეს ერთ-ერთი მიზეზი, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავედით? კი, არის. კვარაზე თავხედი ბავშვი არავინ არის, რადგან რასაც ის აკეთებს, მარტო ნიჭით ვერ მოახერხებს. საერთოდ, სპორტში გაბედულება ბევრს ნიშნავს და შეცდომაზე ბევრი არ უნდა იფიქრო, თორემ ეს ხელს შეგიშლის.
ხალხს ევროპის ჩემპიონატზე გასვლამდე მოგების გემო დავიწყებული ჰქონდა. ახლა ეს რწმენა ყველას დაუბრუნდა. ბიჭებმა დიდი საქმე გააკეთეს, მაგრამ ეს დამთავრებული არ არის – ახლა ათჯერ მეტის გაკეთება შეიძლება. ჩვენ გვაქვს ნიჭი, ბიჭები კარგ ფორმაში არიან, ბოლო თამაშებში ბევრმა გაიტანა და ასისტი შეასრულა.
უბრალოდ, საკუთარი თავის უნდა ვირწმუნოთ, რომ თურქეთის კი არა, პორტუგალიის დამარცხებაც შეგვიძლია. თავდადებაზე ლაპარაკი ზედმეტია – ყველა შეხვედრაში მაქსიმუმის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. ჩემი აზრით, საბერძნეთი, თურქეთი, ჩეხეთი და ჩვენ დაახლოებით ერთი დონის ვართ. ჩემი აზრით, ძალიან მაგარი შანსი გვაქვს, ქართველი ხალხი საერთოდ გავაგიჟოთ. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ აუტსაიდერები ვართ – მაგრამ ეს ჩვენთვის კარგია, მოეშვნენ თურქები და ჩეხები და იფიქრონ, რომ სუსტი გუნდი ვართ. ასე ჩამოვიდა საბერძნეთის ნაკრები და ძალიანაც ინანეს. ეს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და, ჩემი აზრით, ბევრ რამეს მივაღწევთ. მგონია, სენსაციას მოვახდენთ – ამის მჯერა“.