საფეხბურთო ტაიმაუტი | „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი - უცხოეთში საქართველოს ჩემპიონატს სერიოზულად არ უყურებენ, არადა, ნიჭიერი მოთამაშეები არიან #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი - უცხოეთში საქართველოს ჩემპიონატს სერიოზულად არ უყურებენ, არადა, ნიჭიერი მოთამაშეები არიან #1TVSPORT

ომარ თეთრაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“ საქართველოს ნაკრების პროგრესსა და ქართველი მოთამაშეების პოტენციალზე ისაუბრა – „რომას“ ყოფილმა ნახევარმცველმა, რომელიც „საბურთალოს“ ახალი მთავარი მწვრთნელია, ერთა ლიგაზე „ჯვაროსნების“ წარმატების მიზეზებზეც ისაუბრა.

„საქართველოს ნაკრების თამაშებს ვუყურებდი და პროგრესზე შედეგები მეტყველებს – გუნდი ერთა ლიგის ნახევარფინალშია. მოთამაშეთა უმეტესობა ევროპაში თამაშობს, ფეხბურთელები პროფესიონალები არიან. შეუძლიათ შედეგი აჩვენონ და გულშემატკივრები გაახარონ.

„საბურთალოში“ ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა და ჩვენი სამწვრთნელო სტაფის ამოცანა მხოლოდ ის არაა, რომ ჩემპიონატში შედეგს მივაღწიოთ – მიზანია, რომ ეს ნიჭიერი თაობა ისე გავზარდოთ, ნაკრებამდე ბევრი მივიდეს. ისინი კვარაცხელიათი ამაყობენ და ყველას უნდა, რომ ეს გზა თავადაც გაიარონ. ამისთვის ბევრს შრომობენ. მათ გამომეტყველებაში იკითხება, რომ თამაში და განვითარების საშუალება უნდათ.

რეალურად ვთქვათ – უცხოეთში ჯერ საქართველოს ჩემპიონატს სერიოზულად მაინც არ უყურებენ. მხოლოდ ნაკრების მოთამაშეებს აკვირდებიან, არადა, არიან ნიჭიერი მოთამაშეები. 1990 წლიდან დამოუკიდებელ ჩემპიონატს ვატარებთ და ევროტურნირის ჯგუფში მხოლოდ ერთხელ მოვხდით. ბელარუსის „ბატე“ კი ამას ლამის ყოველ წელს ახერხებდა. ეს აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ლიეტუვისა და სომხეთის კლუბებმაც შეძლეს. ინფრასტრუქტურა და პირობები უნდა შევქმნათ, რადგან ეს ყველაფერი მოქმედებს. მერე შედეგი შეგვიძლია მოვითხოვოთ“, – აცხადებს ომარ თეთრაძე.