საფეხბურთო ტაიმაუტი | საბა ლობჟანიძემ მიწისძვრისას უმძიმესი სტრესი გადაიტანა - მერვე სართულიდან გავიქეცი, ყველაფერი ჩამოინგრა... #1TVSPORT
საბა ლობჟანიძემ, რომელიც თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრში მდებარე ქალაქ ჰატაიში ცხოვრობდა, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად“ სტუმრობისას უმძიმესი ამბები გაიხსენა.
„არ ვიცი, სიტყვებით როგორ გადმოვცე ის, რაც იქ გადავიტანე. მიწისძვრა ღამის ოთხ საათზე მოხდა. სახლში ვიყავი, მთელ ქალაქს ეძინა, როდესაც ეს საშინელი მიწისძვრა დაიწყო და დაახლოებით 2 წუთი გაგრძელდა. სახლიდან ძლივს გამოვასწარი. ჭერი და კედლები ჩამოინგრა. მერვე სართულზე ვცხოვრობ და ეგრევე გარეთ გამოვიქეცი. საშინელება იყო, მიწა მოძრაობდა, თანაც რაღაც ანათებდა. თავიდან მეგონა, მეჩვენებოდა, მაგრამ ვიდეო გავრცელდა და ცა მართლა ანათებდა, მიწიდან კი ისეთი საშინელი ხმა მოდიოდა, სულში გიძვრებოდა.
ეს უდიდესი სტრესია, მაგრამ მე რა მიჭირს, ჯანმრთელად ვარ. საშინელება და უდიდესი ტრაგედია ისაა, იმ მშობლების სახეებს რომ ვუყურებ, რომლებიც შვილებს ეძებენ. ამასთან შედარებით ჩემი მდგომარეობა არაფერია.
სხვათა შორის, „ჩელსიდან“ გადმოსულ კრისტიან ატსუზე კი თქვეს, ნახესო და მერე ყველამ აიტაცა, მაგრამ ვიკითხე, ვინმემ ნახა-მეთქი და ვერავინ მიპასუხა, არავის უნახავს… ერთი იმის იმედი მაქვს, რომ ასიათასობით ადამიანია ჰოსპიტალებში და შეიძლება ვერ გვიკავშირდება. გუნდში ვინც თურქი ფეხბურთელი გვყავდა, ყველას სახლი დანგრეულია. ფაქტობრივად, კორპუსი არაა, რომელიც გადარჩა.
11-სართულიანი კორპუსის მე-9 სართულზე ატსუ ცხოვრობდა, ჩვენი გუნდის კიდევ ორ ფეხბურთელსა და ორ მწვრთნელს მეხუთე და მეშვიდე სართულზე ჰქონდათ ბინა. ზოგი იმ დღესვე იპოვეს და გამოიყვანეს. ატსუ კი ჯერჯერობით ვერ ნახეს. ძალიან დიდი მადლობა ქართველ ხალხს, თურქებს ასე რომ ეხმარებიან“, – განაცხადა საბა ლობჟანიძემ.