საფეხბურთო ტაიმაუტი | რევაზ არველაძე - ზედმეტი ეიფორია საჭირო არაა, მაგრამ ბოლო თამაშებში მწვრთნელი ერთმნიშვნელოვნად ქების ღირსია #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუატის“ სტუმარი ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი, ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი რევაზ არველაძე იყო, რომელმაც სანაკრებო და სხვა საინტერესო თემებზეც ისაუბრა.
„გიბრალტართან შეხვედრაში ჩვენს გუნდში განწყობა იყო ძალიან პოზიტიური, რაც ახალი ციკლის დაწყებას უკავშირდებოდა. გიბრალტარზე ბევრი ლაპარაკი არ ღირს, მაგრამ სუსტ გუნდებთან ბევრჯერ გვითამაშია და თამაში ყოველთვის ასე კარგად არ წაგვსვლია და სანერვიულო გაგვხდომია საქმე.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქულები კონკურენტებთან დავაგროვოთ. სამი გუნდი ათამაშებს გამსვლელ პირველ ადგილს. ჩემი მოკრძალებული აზრია, რომ 12-13 ქულა დაგვჭირდება ამ ჯგუფში, რომ გავიდეთ და ეს ქულები კონკურენტებთან უნდა ავიღოთ.
ბულგარეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის სტატისტიკას რომ ვუყურებდი, სტუმრებს ოდნავ უკეთესი სტატისტიკა ჰქონდათ. ბოლო წლებში ბულგარეთი ისეთი ვეღარ არის, როგორც 90-იან წლებში.
მიხარია, რომ ნაკრებში ახლა უკვე მოთამაშეთა საკმაოდ დიდი არჩევანია, შეზღუდულები არ ვართ, მოთამაშეთა საკლუბო არეალი გაზრდილია, იმედია, ისეთ კლუბებში წავლენ, როგორშიც კვარაცხელია.
ჩვენ ბოლო თამაშებში მწვრთნელი ერთმნიშვნელოვნად ქების ღირსია. ზედმეტი ეიფორია საჭირო არაა, მაგრამ წინსვლა აღსანიშნავია.
ჩვენი მიზანი ორად უნდა გავყოთ – მოვიგოთ ჯგუფი, მერე პლეი ოფები, რაც უფრო რთული იქნება, ვიდრე ერთა ლიგის წინა ციკლებში. მე ვისურვებდი, რომ პირველ ტურში მაკედონიას წაეგო, რადგან მიმაჩნია, რომ ბულგარეთზე უკეთესი გუნდია.
მადლობა მინდა ანანიძეს და კანკავას გადავუხადო, რომლებმაც სანაკრებო კარიერა დაასრულეს. როდესაც ასეთი სიყვარულით თამაშობ ნაკრებში, როგორც ისინი, ეს ბევრს ნიშნავს.
ჩაკვეტაძის გამოძახება დროული იყო. არის შემთხვევები, მოთამაშეს უჭირს და თანადგომა და გამხნევება სჭირდება. გიორგის შესაძლებლობები ნათელია და რაც უფრო მალე დაიბრუნებს ფორმას და საკუთარ თავს, მით უკეთესი მისთვის და ნაკრებისთვის.“