საფეხბურთო ტაიმაუტი | რევაზ არველაძე - ხვიჩას აქვს უნარი, ისე აფეთქდეს, რომ შედეგზე გავლენა იქონიოს #1TVSPORT
რევაზ არველაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთიდან წამოსვლასა და ბოსნიის ნაკრებთან მის თამაშზე საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ისაუბრა.
„რასაკვირველია, კვარაცხელია ნაკრების ლიდერია. შოთამ რომ თქვა, მინდა წაყვანა, მაგრამ წამოვაო, ხომ ხვდებით, რა იგულისხმა – უკეთესი უსურვა. უკეთესი ვარიანტები აქვს და წამოვაო?! თან ინგლისში ქართველი ფეხბურთელის წაყვანა ბევრ შეზღუდვებთანაა დაკავშირებული – სამუშაო ვიზის, ქართული პასპორტის… მას ეს არასერიოზულად კი არ უთქვამს, ძალიან სერიოზულადაც იყო. უბრალოდ, შოთამ ამით იგულისხმა, რომ ხვიჩა სერიოზულ გუნდში წასვლაზე ფიქრობს.
ბოსნიასთან ხვიჩას თამაშს რაც შეეხება, მას აქვს იმის უნარი, ფორმის პიკშიც თუ არ არის, შეხვედრის განმავლობაში ისე აფეთქდეს, რომ ამან თამაშის მსვლელობასა და შედეგზე გავლენა იქონიოს. თუმცა, ასეთი მომთხოვნიც არ უნდა იყო, რომ ყოველ წამს მომენტი შექმნას.
ვიღაცას ჰგონია, რომ ფეხბურთი ადვილი და იოლი თამაშია. მე ყველთვის ვიძახი, რომ ჭკვიანმა და მცოდნე ხალხმა ბევრი უნდა ილაპარაკოს. მე რომ ვთამაშობდი, სხვა ფეხბურთი იყო, ჩვენ რომ ვმუშაობდით, მაშინაც შეიცვალა და ახლანდელ ცვლილებებსაც უნდა ავყვეთ. ბოსნიასთან თამაში რომ დიწყო შუქი წავიდა, მაგრამ ჩემი ბიჭის მობილურიდან ვუყურეთ. ჩვენც უნდა განვითარდეთ და ვითარებას ალღო ავუღოთ.
საქართველოს ფეხბურთის თამაშის პოტენციალი აქვს. ჩრდილოეთ მაკედონიამ რომ მოგვიგო, ბევრით არ გვჯობდა, მაგრამ ამდენს რომ მიაღწია, გამოდის, ამ დონეზე თამაში ჩვენც შეგვიძლია. დააკვირდით მათ განვითარებას. ჩვენთან მოგებამ, ევროპაზე თამაშმა თითოეული უფრო თავდაჯერებული გახადა, მათი ფეხბურთელები სატრანსფერო ბაზარზე უფრო საინტერესო და მიმზიდველები გახდნენ.“