საფეხბურთო ტაიმაუტი | რევაზ არველაძე - კარგად გამოჩნდა, რამხელა ბედნიერებაა ფეხბურთი საქართველოსთვის და რამდენი ადამიანის გახარება შეუძლია #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, რავაზ არველაძემ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლით გამოწვეულ ემოციებზე ისაუბრა.
„იმაზე ლაპარაკი ზედმეტია, რომ ეს ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის ისტორიული იყო. კარგად გამოჩნდა, რამხელა ბედნიერებაა ფეხბურთი საქართველოსთვის და რამდენი ადამიანის გახარება შეუძლია.
ქართული ფეხბურთის აქამდე მიღწეული წარმატებები ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება. 1964 წლის თბილისის „დინამოს“ პირველ ჩემპიონობას თავისი სიხარული, სილამაზე და ისტორია აქვს. შემდეგ ჩემპიონობას და ამის დაგვირგვინებას – 1981 წლის 13 მაისს თავისი არაჩვეულებრივი ისტორია გააჩნია.
ეს ევროპის ჩემპიონატიც იმ ისტორიის ნაწილია. ასეთ ფორუმზე ჩვენი ნაკრების მონაწილეობით იმდენად კარგი ამბავი მოხდა, რომ მთელმა საქართველომ იზეიმა. ამან ჩემს წარმოდგენაში ბევრად დიდი კვალი დატოვა, ვიდრე წმინდა საფეხბურთო დეტალებმა.
თუმცა ამას ემატება ევრო 2024-ის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა. ღირსეული თამაში, განსაკუთრებით – პორტუგალიასთან, სადაც შედეგზე ვიყავით ორიენტირებულები. მართალია, ეს თამაში პორტუგალიას სატურნირო თვალსაზრისით არ სჭირდებოდა, მაგრამ ვინც მოედანზე იყო, იმ ფეხბურთელებს ნამდვილად სჭირდებოდათ.
ეს არის ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშთან დაკავშირებული ჩემი ძირითადი ემოცია და შთაბეჭდილება“.