საფეხბურთო ტაიმაუტი | რევაზ არველაძე - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენი ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება #1TVSPORT
რევაზ არველაძე იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა და ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ისაუბრა.
არველაძის თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქართველ სპორტსმენებს და კონკრეტულად მოთამაშეებს ევროპაში მოხვედრისას დღეს არსებულ ბარიერებს მოუხსნის.
„ახლა ხომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან სტატუსს ელოდება – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მე ფეხბურთთან მიმართებაში მინდა ვთქვა. ყველა ცდილობს და გულშემატკივრობს, რომ ასე მოხდეს. ეს სტატუსი ძალიან გამოადგება ფეხბურთს, რომ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ ევროკავშირს. რაც უფრო ნაკლები იქნება ბარიერები და რაც უფრო ნაკლები შეზღუდვა შეგვეხება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. განსაკუთრებით ფეხბურთში, რადგან სხვა სახეობებში ასეთი შეზღუდვები არაა. ეს ფეხბურთელებისთვის დიდი შეღავათი იქნება. მწვრთნელებისთვისაც – ამაზე არასოდეს ვლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენ მეტი მწვრთნელიც გვინდა ევროპაში“, – განაცხადა რევაზ არველაძემ.