საფეხბურთო ტაიმაუტი | რამაზ სვანაძე - ჯგუფში ურთულესი თამაშები გველის, მთავარია, ჩვენი ფეხბურთი ვაჩვენოთ #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ განაცხადა, რომ ევრო 2023-ის განაცხადში უპირატესობას სათამაშო პრაქტიკის მქონე მოთამაშეებს მიანიჭებს და მეტოქეებზეც ისაუბრა.
„ევროპის ჩემპიონატზე გვჭირდება ის ფეხბურთელები, რომლებიც კლუბებში მუდმივად თამაშობდნენ. ეს საბოლოო განაცხადზე გავლენას მოახდენს. ჩვენ მათ სათამაშო ფორმაზე ვართ დამოკიდებული. შეკრებაზე 10 ივნისიდან გადავალთ, 15 ივნისს თბილისში კვიპროსთან ამხანაგური მატჩი გველის, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო მატჩი მარტში გვქონდა.
ოლიმპიადის საგზური? ფეხბურთში გამორიცხული არაფერია. ჩვენთვის უპირველესი ამოცანაა, ყველა მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. ჯგუფში სამივე თამაში ურთულესი იქნება. მთავარია, ვაჩვენოთ ჩვენი სახე და ფეხბურთი, რასაც პირველ ეტაპზე საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან ვახერხებდით.
ტურნირს პორტუგალიასთან თამაშით ვხსნით. მათთან ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, გვსურდა, ჩვენი თავი გამოგვეცადა. ძალიან რთული მატჩი იქნება და შესაბამისად ვემზადებით.
ნიდერლანდები და ბელგიაც საკმაოდ გაძლიერდნენ, რადგან ეს ევროპის ჩემპიონატზე ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ ეს ნაკრებები ფიქრობენ გაძლიერებაზე, ჩვენ რატომ არ უნდა ვიფიქროთ?“ – ამბობს რამაზ სვანაძე.