საფეხბურთო ტაიმაუტი | რამაზ სვანაძე - დარწმუნებული ვარ, ევრო 2023-ზე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებით გავძლიერდებით #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | რამაზ სვანაძე - დარწმუნებული ვარ, ევრო 2023-ზე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებით გავძლიერდებით #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“  საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ევრო 2023-ისთვის გუნდის მზადებაზე ისაუბრა.

ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებში ერთი და იგივე მოთამაშეები არიან გამოძახებული. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ეროვნული ნაკრების მითამაშეები, რომელთაც ახალგაზრდულში თამაში შეუძლიათ, ევრო 2023-ზე ითამაშებენ? – რამაზ სვანაძემ გადაცემის წამყვანის, გიორგი თვალაბეიშვილის ამ კითხვას უპასუხა.

„ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობამ წიტაიშვილი, საზონოვი და სიგუა დაგვითმო. დანარჩენებს რაც შეეხება, ისინი შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ შემოგვიერთდებიან. უახლოეს ხანში შემადგენლობა უნდა დავასახელოთ და საზოგადოება გაიგებს, მეორე ტურიდან ეროვნული ნაკრების რომელი მოთამაშეები დაგვემატებიან.

ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყველას სურს და ეს გასაკვირი არაა, რადგან მასპინძლები ვართ. საზოგადოებაში აჟიოტაჟი იგრძნობა და ყველა ფეხბურთელს უნდა, რომ საკუთარი მაყურებლის წინაშე თავი გამოიჩინოს.

სამწუხაროდ, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების თამაშები დაემთხვა და მზადების გეგმა შეგვეცვალა, ეს უკვე ფაქტია და ამასთან შეგუება გვიწევს. რაც მთავარია, ეროვნული ნაკრების წევრებს, გიორგი გოჩოლეიშვილს, ირაკლი აზაროვსა და ლუკა გაგნიძეს 21-წლამდელებში დიდი დრო აქვთ გატარებული და ადაპტაციის პრობლემა არ ექნებათ.

რჩება ეროვნული ნაკრების ოთხი ლიდერი (გიორგი მამარდაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე) – ეს ბიჭები 17-წლამდელთა ნაკრებიდან ერთად მოდიან, როდესაც მათი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე იყო და ძალიან კარგი შედეგები ჰქონდათ.

19-წლამდელბში, მამარდაშვილისა და მიქაუტაძის გარდა, უკვე ჩემი ხელმძღვანელბით თამაშობდნენ. ამ ბიჭების დამატებით გუნდის თავდაჯერებულობა ერთიორად ამაღლდება. იმ მოთამაშეების იმედი მაქვს, ვინც ბოლო ორი წლის მანძილზე ჩვენთან იყო, მაგრამ გაძლიერება ნებისმიერ გუნდს სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზე ძლიერი გუნდი გვეყოლება“, – განაცხადა რამაზ სვანაძემ.