საფეხბურთო ტაიმაუტი | ოთარ კორღალიძე - გერმან ზონინს ჯინსები არ შეხვდა და გერმანელებმა ფაბრიკაში ხელახლა წაგვიყვანეს #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ოთარ კორღალიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ დამოუკიდებლობის პერიოდის პირველი საფეხბურთო თაობა გაიხსენა, რომლებაც ფეხი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ბოლო წლებში აიდგეს.
„80-იანი წლების ბოლოს „დინამოში“ ბევრი კარგი ფეხბურთელი შეიკრიბა. ვინ გვაოცებდა ყველაზე მეტად ვარჯიშებზე? ქეცბაია, ცვეიბა, გურული, კეტაშვილი. . . თითქმის ყველა, გამოყოფა მაინც გამიჭირდება. რომ უყურებდნენ ჩივაძეს, სულაქველიძეს, სვანაძეს, გაბელიას – თავს იკლავდნენ.
ვარჯიშის ბოლოს გაბელიას კარში ვარტყამდით. თუ ხასიათზე იყო – და სულ ხასიათზე იყო, შანსი არ იყო, გაგეტანა. მაშინ ბილეთებზე დიდი მოთხოვნა იყო და თითოეულ მოთამაშეს ახლობლებისა და მეგობრებისთვის 50 ბილეთიც არ გვყოფნიდა.
„ვერდერს“ უეფა-ს თასზე რომ შევხდით, ჩვენთან მოგებით ძალიან გახარებულები იყვნენ. 1988 წლის იანვარში გერმანიაში მიგვიწვიეს და ახალი წლები იქ გავატარეთ. ერთი კვირა გავჩერდით და დიდი პატივი გვცეს … ჯინსების ფაბრიკაში წაგვიყვანეს და ყველას დაგვირიგეს. თუმცა, გერმან ზონინი ჩვენთან არ იყო და მე არაფერი წამომიღეთო? და ფაბრიკაში თავიდან წაგვიყვანეს“, – გაიხსენა ოთარ კორღალიძემ.