საფეხბურთო ტაიმაუტი | ოთარ გაბელია - კარცერში ვიყავით, ევროტურნირზე მეტოქეების შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ლეგენდარული „დინამოს“ მეკარემ, ოთარ გაბელიამ გაიხსენა, როგორი რთული იყო მეტოქეზე ინფორმაციის მოპოვება მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის „რკინის ფარდა“ იყო აღმართული.
„რეალურად, ევროთასებზე მეტოქეებს კარგად არ ვიცნობდით, რადგან საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით და ინფორმაციის მოპოვება რთული იყო. 1981 წლის თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში გასული გუნდებიდან შედარებით მეტ ინფორმაციას გრანდებზე ვიღებდით. „ბენფიკას“ ვიცნობდით, „კარლ ცაისი“ კი გრანდებს არ განეკუთვნებოდა და ნახევარფინალში გასულ ყველა გუნდს გერმანელებთან შეხვედრა სურდა.
მაგრამ მერე გამოჩნდა, რომ ძალიან ძლიერი გუნდი იყო. ფინალამდე გამოაგდო „რომა“, რომელთანაც გასვლაზე 0:3 წააგო და შინ 4:0 დაამარცხა. მერე აჯობა „ვალენსიას“ და „ბენფიკას“, რომელიც იმ დროს ქუხდა. შემთხვევითი არაა, რომ აღმოსავლეთ გერმანიის ნაკრებში „კარლ ცაისის“ შვიდი ფეხბურთელი თამაშობდა.
მეტოქეებზე, ფაქტობრივად, არაფერი ვიცოდით. არც მათი წინა მატჩები გვინახავს და, მით უფრო, არც თამაშები გაგვირჩევია. უბრალოდ, ნოდარ ახალკაცს თავის მეგობრებთან კავშირი ჰქონდა და ასე ვიგებდით, როგორ თამაშობდნენ. მაშინ კარცერში ვიყავით“, – იხსენებს ოთარ გაბელია.