საფეხბურთო ტაიმაუტი | ოთარ გაბელია - ახლა გუნდებს თამაშამდე მეტოქეებზე მთელი კართოტეკები აქვთ #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა მეკარემ, ოთარ გაბელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ თამაშზე ისაუბრა.
„ბევრი იწერება, რომ „რეალის“ მეკარე ლუნინს მეორე მეკარემ, კეპა არისაბალაგამ უკარნახა, რომელ კუთხეში დაარტყამდნენ კოვაჩიჩი და ბერნანდო სილვა, რადგან „ჩელსიში“ ერთად თამაშობდნენ და იცოდა, როგორ ასრულებდნენ პენალტებს ეს ფეხბურთელები. თქვენი კარიერა რომ გავიხსენოთ, იცოდით თუ არა, პენალტის დროს მოწინააღმდეგე რომელ კუთხეს დაუმიზნებდა?“ – ლეგენდარულმა მეკარემ გადაცემის წამყვანის ამ კითხვას უპასუხა.
„შესაძლოა, გუნდების პენალტისტებზე უფრო მეტი რამ გვცოდნოდა. ჩვენ დროს სად იყო იმის საშუალება, რომ მეტოქის თამაშების ჩანაწერები გვენახა და გაგვეანალიზებინა. ახლა ამ კუთხით სპეციალური ანალიტიკური ჯგუფები მუშაობენ, რომლებიც ყველაფერს სწავლობენ, მათ შორის, პენალტის დამრტყმელებზეც აგროვებენ ინფორმაციებს. მთელი კართოტეკა აქვთ შედგენილი მეტოქე ფეხბურთელებზე“, – განაცხადა ოთარ გაბელიამ.