საფეხბურთო ტაიმაუტი | ომარ თეთრაძე - ვხედავ პოტენციალს, რომ საქართველოს ჩემპიონატი ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ომარ თეთრაძე - ვხედავ პოტენციალს, რომ საქართველოს ჩემპიონატი ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს #1TVSPORT

„რამდენად რთულია ქართველ ფეხბურთელებთან მუშაობა და რა არის მათი მთავარი პრობლემა?“ – საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ წამყვანის, გიორგი თვალაბეიშვილის ამ კითხვაზე „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ომარ თეთრაძემ  საინტერესო პასუხი გასცა.

„ბევრი პრობლემა გვაქვს. თუმცა, ეს მხოლოდ ქართველების პრობლემა არაა – ყველა მოთამაშეს ჰგონია, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს, მაგრამ მწვრთნელი სულელი უნდა იყოს, კარგი ფეხბურთელი ჰყავდეს და არ ათამაშოს.

დღეს საქართველოში ინფრასტრუქტურის პრობლემა მხოლოდ თბილისისა და ბათუმის „დინამოებს“ და ქუთაისის „ტორპედოს“ არ აქვს. ეს ქართული ფეხბურთის სერიოზული სატკივარია, რაც, სამწუხაროდ, „საბურთალოსაც“ აწუხებს. ამის გამო დღეში ორი ვარჯიშის ჩატარებას ვერ ვახერხებთ. არადა, არის პერიოდები, როდესაც ეს აუცილებელია.

დროთა განმავლობაში ბევრი რამ შეიცვლება, ამისთვის საჭიროა, ყველა გუნდს თავისი ბაზა ჰქონდეს, სადაც ფეხბურთელები უფრო გაიზრდებიან. „საბურთალოს“ ბიჭებს რომ ვუყურებ, მათი პროფესიონალიზმით გაოცებული ვარ, ვარჯიშზე ერთი საათით ადრე მოდიან, შეკრებაზე ერთი საათით ადრე იწყებდნენ მომზადებას. ასეთი პროფესიონალები ჩვენ არ ვიყავით.

საქართველოში ნიჭიერი მოთამაშეები მრავლად გვყავს, მაგრამ მთავარია, როგორ განვითარდები. ზოგი ნიჭიერია, მაგრამ ხასიათის გამო ვერ იზრდება. ბევრ მოთამაშეს ვერ ნახავ, ვისაც თვალდახუჭული ენდობი. საქართველოში ხშირად ჩამოვდიოდი და თვალში მხვდებოდა, რომ ქართული გუნდები ნელა თამაშობდნენ.

ევროპული ფეხბურთისგან შორს ვართ, მაგრამ ისეთი დაბალი დონეც არ არის. თუ ინფრასტრუქტურას ყურადღებას მივაქცევთ, ვხედავ იმის პოტენციალს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატი გვქონდეს. ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს, შესაძლოა, 100 კვარაცხელია გამოჩნდეს, მაგრამ ვერ განვითარდნენ სათანადოდ. მთავარია, სწრაფად ვითამაშოთ, რომ ევროპულ დონეს მივუახლოვდეთ.

რომელ პოზიციაზეა ეროვნულ ლიგაში პრობლემები? ნახევარმცველის ნახვა შედარებით ადვილია, პრობლემა უფრო მცველებისა და თავდამსხმელების მოძებნაა. ჩვენ თავდამსხმელს ვეძებთ“, – განაცხადა ომარ თეთრაძემ.