საფეხბურთო ტაიმაუტი | ომარ თეთრაძე - თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებს კარგად იცნობს, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელები კვიპროსელებზე მაღლა დგანან #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ომარ თეთრაძემ ევრო 2023-ზე და ეროვნული ნაკრების მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა.
„ნაკრების გაფართოებულ სიაში „საბურთალოს“ შვიდი ფეხბურთელია გამოძახებული. ყველა მათგანს სათამაშო პრაქტიკა აქვს და მზად არიან. მხოლოდ შოთა ნონიკაშვილი თამაშობს შეცვლაზე. რაც შეეხება მეტოქეებს – პორტუგალია, ბელგია და ნიდერლანდები ძალიან ძლიერი ნაკრებებია.
რთული თამაშები იქნება, მაგრამ შინ ვთამაშობთ და ჯგუფიდან გასვლას უნდა ვეცადოთ. პორტუგალიას სულ ნიჭიერი თაობა ჰყავს, მაგრამ საქართველოს ნაკრებიც ძლიერი გუნდია და თუ ხვიჩა კვარაცხელია და ეროვნული ნაკრების სხვა მოთამაშეები დაემატებიან, კიდევ უფრო გაძლიერდება.
ნაკრებში ერთი თაობის მოთამაშეები არიან, წლებია, ერთად თამაშობდნენ, მეგობრობენ და არა მგონია, ადაპტაციის პრობლემა შეექმნათ. ბევრს მაღალ დონეზე უთამაშია და მგონია, რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ პრობლემა მოიხსნება.
ეროვნულ ნაკრებს რაც შეეხება, ბოლო პერიოდში შედეგიც აქვს და, რაც მთავარია, თამაშის ხარისხიც მომეწონა. კვიპროსთან და შოტლანდიასთან მატჩების წინ იმედიანად ვარ განწყობილი. თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებს კარგად იცნობს, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელები კვიპროსელებზე ერთი თავით მაღლა დგანან“, – ამბობს ომარ თეთრაძე.