საფეხბურთო ტაიმაუტი | ომარ თეთრაძე - ფეხბურთელის ასაკს ყურადღებას არ ვაქცევ, ვინც იმსახურებს, შემადგენლობაში ის ხვდება #1TVSPORT
„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ომარ თეთრაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ მიმდინარე სეზონში გუნდის წარმატებულ გამოსვლაზე ისაუბრა.
„აქცენტი ქართველ ფეხბურთელებზე გავაკეთეთ. ჩვენთან სულ იყვნენ კარგი მოთამაშეები და ეს თავიდანვე ვთქვი. შეკრებაზე დიდი პრობლემები შეგვექმნა, რადგან ტრავმების გამო 14 მოთამაშე გვყავდა. ეროვნული ლიგის დაწყება გაგვიჭირდა.
ფეხბურთელებს მადლობა მინდა, გადავუხადო. ქართველი მოთამაშეები რუსეთში ბევრჯერ მყოლია, მაგრამ საქმისადმი პროფესიული მიდგომა პირველად „საბურთალოში“ დავინახე. ჩემი ასისტენტია გიორგი ნავალოვსკი და ეს რომ ვუთხარი, დამეთანხმა: ესენი ჩვენზე პროფესიონალები არიანო. ბიჭებმა თამაშიდან თამაშამდე მოუმატეს და ირწმუნეს, რომ დიდი შედეგის მიღწევა შეუძლიათ.
გუნდში საქმეს სამართლიანად ვუდგებით. შესაძლოა, ჩვენ ერთმანეთი მოვატყუოთ, მაგრამ ფეხბურთს ვერ მოვატყუებთ. ამიტომ, ვინც ღირსია, ის უნდა ვათამაშოთ. მადლობა ძველი დამსახურებისთვის, მაგრამ შედეგს დღეს გვთხოვენ. ფეხბურთელის ასაკს ყურადღებას არ ვაქცევ, ვინც იმსახურებს, შემადგენლობაში ის ხვდება.
ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და რა გამოვა, სეზონს ბოლოს ვნახავთ“, – ამბობს ომარ თეთრაძე.