საფეხბურთო ტაიმაუტი | ნუკრი კაკილაშვილი - მიშა მესხმა „სტანდარდთან“ და „ნაპოლისთან“ ნოდარ ახალკაცს მოედანზე თავი ძალით შეაყვანინა #1TVSPORT
ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველმა, ნუკრი კაკილაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ უმცროსი მიხეილ მესხის თამაშები გაიხსენა.
„35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ვარ, უმცროსი მიშა მესხი კი „ავაზაში“ თამაშობდა. ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობდით, უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო. ერთი ხანობა მოსკოვის „სპარტაკში“ წავიდა და, კარგად გამიგებთ, რომ არ ჩამოსულიყო, შესაძლოა, მისი ცხოვრება სულ სხვაგვარად აწყობილიყო.
გახსოვთ, ბესკოვის ხელმძღვანელობით როგორ წარმატებას მიაღწია. მერე „დინამოში“ მთავარ მწვრთნელად დავით ყიფიანი დანიშნეს, რომელმაც მიშა თბილისში ჩამოიყვანა, მაგრამ აქ კარიერა აღარ აეწყო და დანარჩენი ყველამ იცით, ცხოვრება როგორ წაუვიდა. უეფა-ს თასზე თბილისში „ნაპოლისთან“ ძალიან კარგად ითამაშა. ნეაპოლში საპასუხო მატჩში კი ახალკაცმა შეცვლაზე შეიყვანა.
მახსოვს, ბელგიაში „სტანდარდს“ ვეთამაშებოდით – მიშამ მწვრთნელის მითითების გარეშე დაიწყო სარბენ ბილიკებზე „გახურება“ და ახალკაცს მოედანზე თავი, ფაქტობრივად, ძალით შეაყვანინა – ერიკ გერეტსზე (რომელიც მოგვიანებით ბელგიის ნაკრების კაპიტანი გახდა) ამბობდა, ნახავ, ამას რას ვუზამო.
ანალოგიურად მოიქცა 1982 წელს „ნაპოლისთან“ თბილისური შეხვედრის დროსაც. თავდაჯერებული იყო და ახალკაციც ენდო“, – ასე გაიხსენა ნუკრი კაკილაშვილმა ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი.