საფეხბურთო ტაიმაუტი | ნონა გაფრინდაშვილი - ხვიჩა კვარაცხელიამ მაყურებელი ფეხბურთისკენ შემოაბრუნა, ბავშვებისთვის მაგალითია, ხოლო ქართველ ემიგრანტებს ცხოვრება გაუადვილა #1TVSPORT
„საფეხბურთო ტაიმაუტის“ წლის ბოლო გადაცემის სტუმარი ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი იყო. გადაცემის წამყვანის, გიორგი თვალაბეიშვილის თქმით, საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლის ნაცვლად, შეგნებულად ქართული ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი მიიწვიეს, რომელმაც 2023 საფეხბურთო წელი შეაფასა.
„ეს წელი ქართული ფეხბურთისთვის უფრო კარგი იყო, ვიდრე – ცუდი. დავიწყოთ ხვიჩა კვარაცხელიათი. მე არ მახსენდება ახალგაზრდა, რომელიც პირველივე წელს საუკეთესო გახდა, მოიგო უამრავი პრიზი და გუნდთან ერთად ჩემპიონობა იზეიმა. ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდად დაასახელეს, იტალიის სერია A-ში კი მისი გოლი საუკეთესოდ აღიარეს.
ამას გარდა, ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში მაყურებელი ფეხბურთისკენ შემოაბრუნა. როგორც ვიცი, ახლა საფეხბურთო სკოლებს იმდენი ბავშვი მიაწყდა, ადგილები არაა. იმიტომ, რომ ხვიჩას სახით მაგალითი ჰყავთ, ხოლო ქართველ ემიგრანტებს ცხოვრება გაუადვილა, იმდენად პოპულარულია.
ახალგაზრდებს აქვთ შესანიშნავი მაგალითი, რომ მენტალიტეტი შეიცვალონ და გახდნენ პროფესიონალები. საქართველოში ნიჭი ბევრმა ფეხბურთელმა გაანიავა. საბედნიეროდ, ახლა დადგა დრო, როდესაც სპორტსმენმა დაინახა, რომ წარმატებისთვის საქმეზე უნდა იყოს კონცენტრირებული და გართობას თავი დაანებოს.
ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლაზეც ვიტყვი. ვინ იფიქრებდა, იმ ჯგუფში ასე კარგად თუ ვითამაშებდით და გავიდოდით. ბიჭები ისე მაგრად იდგნენ, მათი თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე. ასე რომ, 2023 წელს ბევრი სასიამოვნო ამბავი იყო.
სამწუხაროდ, ლუქსემბურგთან (ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში) ხვიჩა არ გვეყოლება, რაც ძალიან გაუგებარი ამბავია. ყველაფერი ერთად არ მოდის, მაგრამ ვფიქრობ, ის დრო დადგა, როდესაც საქმე გამოსწორებისკენ მიდის“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.