საფეხბურთო ტაიმაუტი | ნოდარ ხიზანიშვილი - ნეაპოლში ფეხბურთის მიმართ გამორჩეული დამოკიდებულება აქვთ #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ნოდარ ხიზანიშვილმა თბილისის „დინამოში“ „ნაპოლის“ წინააღმდეგ თამაშები გაიხსენა, სადაც იტალიელებს გოლი გაუტანა.
„რა თქმა უნდა, „ნაპოლისთან“ გოლი მახსოვს. 1982 წელს, პირველ შეხვედრაში ანგარიში მე გავხსენი.
საერთოდ, იტალიაში ნეაპოლელებს ფეხბურთის მიმართ სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ. დიახ, მილანშიც ძალიან უყვართ ფეხბურთი და ბევრ სხვა ქალაქში, მაგრამ ნეაპოლი მაინც გამორჩეულია.
ხვიჩა კვარაცხელია მაგარ გუნდში მოხვდა. ვთვლი, რომ დღეს „ნაპოლი“ იტალიაშიც და ევროპული მასშტაბითაც სუპერკლუბია. ხვიჩა მხოლოდ 22 წლის არის და ჯერ სტაბილურობა აკლია, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს პრობლემაც მოგვარდება.
ბევრს უკვირს, წამყვანი კლუბები 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს რატომ ყიდულობენ – იმიტომ, რომ ასეთებს გამოცდილება აქვთ, იციან, ვისთან როგორ ითამაშონ. მაგალითად, ლევანდოვსკი „ბარსელონამ“ იმიტომაც შეიძინა, რომ გამოცდილებას დიდ ყურადღებას აქცევენ“, – ამბობს ნოდარ ხიზანიშვილი.