საფეხბურთო ტაიმაუტი | ნეაპოლში საქართველოს დროშა საშვივითაა - ქართველმა კომენტატორებმა იტალიურ შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს #1TVSPORT
სპორტულმა კომენტატორებმა, ტატო ბაციკაძემ და გიორგი კალატოზმა ნეაპოლში „ნაპოლი“-„იუვენტუსის“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ცოცხლად იხილეს და თავიანთ შთაბეჭდილებებზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“ ისაუბრეს.
ტატო ბაციკაძე: „რადგან „ნაპოლი“ და „იუვენტუსი“ კონკურენტები არიან, სატურნირო ცხრილის კუთხით ეს მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ამავე დროს, ეს ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირებაა, რადგან ტურინელებს ნეაპოლში ვერ იტანენ. ასეთი დამოკიდებულება რომ გაქვს გუნდთან და იმას 5:1-ს უგებ, ეს ბევრს ნიშნავს.
მანამდე ორ თამაშში ხვიჩა კარგად ვერ გამოიყურებოდა და შიში გვქონდა, ეს არ გაგრძელებულიყო – თანაც „იუვენტუსთან“ პრინციპულ მატჩში. მან კი გოლი გაიტანა, 2 საგოლე გააკეთა და პირველი გოლიც შექმნა. ასეთ დროს უსამართლობის განცდა მაქვს, ფეხბურთელს საგოლე გადაცემას რომ არ უთვლიან.
კარგია, ხვიჩამ საუკეთესო თამაში ასეთ გუნდთან რომ ჩაატარა. ფაქტობრივად, 100-პროცენტიანი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა. ფეხბურთი რომ გიყვარს, შეუძლებელია ასეთი ფეხბურთელი არ იწვევდეს სიყვარულს, რადგან ასეთი მოთამაშე დღეს ძალიან ცოტაა.
ქართველებს ნეაპოლში უკვე „ნაპოლის“ თამაშის ორგანულ ნაწილად აღიქვამენ. ამ გუნდის მიმართ საქართველოშიც ისეთი დამოკიდებულებაა, ლამის ქართულ კლუბად აღვიქვამთ. არა მგონია, რომელიმე კლუბს ჩვენთან ამდენი გულშემატკივარი ჰყავდეს. მნიშვნელოვანია, რომ „ნაპოლიში“ ყველა ფეხბურთელი ფორმის პიკშია და არ გამიკვირდება, სერია „ა“ რომ მოიგოს და ჩემპიონთა ლიგაზეც შორს წავიდეს“.
გიორგი კალატოზი: „რაღაცით „სტადიო მარადონა“ „დინამო-არენას“ ჰგავს და ზუსტად იგივე რაოდენობით ადამიანს იტევს. სტადიონზე კი ისეთი გულშემატკივრობა იყო, მეგონა, ფილმში ვიყავი. ვერც დავიჯერე, „იუვენტუსის“ დონის გუნდი ასე რომ „შეჭამეს“.
ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ კვარა მაინც გამორჩეულად უყვართ, რადგან სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. ტაქსის მძღოლი გვეუბნებოდა, მარადონას შემდეგ პირველი ფეხბურთელიაო – ეს ხდება ხვიჩას ჩასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ. „იუვესთან“ თამაშში კვარამ ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ნეაპოლში საქართველოს დროშა საშვივითაა. ქართველებს მანქანის ქირაობა სურდათ და რომ გაიგეს, საიდან იყვნენ, ფასი დაუკლეს. მაღაზიაში რომ შევდიოდით, საქართველო და კვარა ყველამ იცოდა. საქართველოს დროშასთან სურათს იღებენ“.