საფეხბურთო ტაიმაუტი | მურმან ჯინორიამ ნაკრების მოთამაშეებს მიმართა - გთხოვთ, არ გაჩერდეთ და იქნებ, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გახვიდეთ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | მურმან ჯინორიამ ნაკრების მოთამაშეებს მიმართა - გთხოვთ, არ გაჩერდეთ და იქნებ, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გახვიდეთ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, მსახიობმა მურმან ჯინორიამ საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებებზე და ჩვენი ქვეყნისთვის ფეხბურთის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ვოვა გუცაევის თაობამ საქართველოს იმხელა სიხარული მისცა, შეუძლებელია ეს როდესმე დავივიწყო. 13 მაისს დიუსელდორფში თასი რომ აიღეთ, სხვა თბილისი იყო, სხვა გარემო, სხვა სიყვარული, სხვა მოფერება… ახლაც ამის გახსენებაზე ტანში დამაჟრიალა. იმ მატჩების ფრაგმენტებს ახლაც რომ ვუყურებ, ვგიჟდები. დიდი მადლობა პირადად თქვენ და იმ გუნდის მოთამაშეებს, მინდა მოვეფერო, რადგან თქვენ მოგვეცით დიდი სიხარული.

მას შემდეგ სულ ველოდები, რომ ასეთი სიხარული მივიღოთ. ახალგაზრდებს, ჩვენი შვილების თაობას ეს სჭირდება. ასეთი რა გუნდი გვყავდა… „სპარტაკს“ და მოსკოვის „დინამოს“ რომ მოუგებდნენ, დიდი სიხარული იყო. 1964 წლის „დინამოც“ ძალიან მიყვარდა, მიშა მესხი, სლავა მეტრეველი, სიომა ბარქაია, რომელზეც ვგიჟდებოდი…

ფეხბურთი და მსახიობობა რაღაცით მსგავსი მგონია. ორივეს სჭირდება მაყურებელი, სრულყოფილი რომ იყოს. სანამ საქართველო ძლიერ სახელმწიფოდ არ ჩამოყალიბდება, მანამდე (მსოფლიოს) სპორტმა და ხელოვნებამ არ უნდა დაავიწყოს. რა სიამაყეა, ყველაზე ძლიერი ადამიანი ტალახაძეა და ყოველ წელს რეკორდებს ამყარებს. ასევე ჩვენი რაგბის ნაკრები. მთავარია, ღირსება არ დავკარგოთ.

 

ასევე იყო რუსთაველის თეატრი – რუსეთში რომ ჩავდიოდით, გაოცებულები იყურებდნენ. სტურუა, ჩხიკვაძე, ჩვენი დიდებული მსახიობები ამას აკეთებდნენ. ცოტა შურის მომენტი კი ჰქონდათ. აქვთ ეს თვისება ხასიათში, მაგრამ ამბობდნენ, რა მაგრები ხართო.

საქართველოს ნაკრების წარმატება შვედეთთან მოგებით დაიწყო. მანამდე თამაშობდნენ, მაგრამ ეს ფეხბურთს არ ჰგავდა. მერე უცებ დავინახე, რომ ევროპის დონეზე ვთამაშობთ. ბულგარეთთან 5:2 მოგება კი რაღაც სხვა იყო, არაქართული… გასვლაზე ისე ვთამაშობდით, როგორ საკუთარ მოედანზე. მესამე თამაშზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვნერვიულობდი და შეგნებულად აღარ ვუყურებდი. დათო კურცხალიამ დამირეკა, 2:0-ს ვიგებთო. ჩავრთე ტელევიზორი და დედა, რაც მე გავიხარე…

უკვე კლასი გამოჩნდა. თან გუნდია. უცებ გამოჩნდა, რომ ჩვენც გვაქვს ევროპული ტაქტიკა, სვლები და საიდუმლოებები. ამის ბარომეტრი ბულგარეთთან შეხვედრაზე სავსე სტადიონი იყო. მართალია, ვერ მოვიგეთ, მაგრამ ღირსება ჰქონდა გუნდს.

ფეხბურთი და ხელოვნებაა ჩვენი სიამაყე. ბიჭებო, გთხოვთ, არ გაჩერდეთ, იქნებ, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გახვიდეთ და მერე ყველაფერი დალაგდება“.