საფეხბურთო ტაიმაუტი | მალხაზ მახარაძე - საქართველოს ნაკრებს კარგი მწვრთნელი ჰყავს, ეს წარმატება უპირველესად სანიოლის დამსახურებაა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ბათუმის „დინამოს“ ყოფილმა კაპიტანმა, მალხაზ მახარაძემ საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ზე გასვლა მიულოცა და წარმატებაში მწვრთნელის, ვილი სანიოლის როლი გამოარჩია.
„საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლით მთელმა ქვეყანამ გაიხარა. მომხდარი საქართველოში ფეხბურთის ბუმს გამოიწვევს.
პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ საქართველოს ნაკრებს კარგი მწვრთნელი ჰყავს. ვილი სანიოლი ძლიერი სპეციალისტი გამოდგა. მან ყველაფერი გააკეთა, რომ საბოლოოდ ეს შედეგი მიგვეღო. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს წარმატება, უპირველეს ყოვლისა, მისი დამსახურებაა. ბიჭებს როგორც მოსთხოვ, ისე ითამაშებენ. სანიოლმა მათ ასეთი თამაში ასწავლა და შედეგიც მიიღო.
ძალიან მომეწონა ცენტრალური მცველის, ლაშა დვალის თამაში. კარიერის ბოლოს მეც მცველად ვთამაშობდი და ამ პოზიციაზე ყურადღებას ამიტომ ვამახვილებ. მთლიანობაში დაცვის ხაზმა მაღალ დონეზე ჩაატარა შეხვედრა.
ნახევარმცველებმა და თავდამსხმელებმა, მართალია, ძირითად დროში გოლი ვერ გაიტანეს, მაგრამ მოედანზე დიდი სამუშო გასწიეს, რაც საბერძნეთის დონის ნაკრებთან ადვილი არ იყო. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრები ევროზე ხელწამოსაკრავი მეტოქე არავისთვის იქნება“.