საფეხბურთო ტაიმაუტი | კობა ჟორჟიკაშვილი - ნაკრები ვერ გაიზარდა, მსაჯზე და წვიმაზე აპელირება ტყუილი ფაქტორებია #1TVSPORT
ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების გამოსვლის შესახებ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილმა მწვრთნელმა, კობა ჟორჟიკაშვილმა ისაუბრა.
„მარცხი მარცხია, მაგრამ თამაშის ხარისხი არ იყო კარგი. ზოგადად, მწვრთნელმა უნდა ახსნას, რა არის წაგების გამომწვევი მიზეზები. მთელი საფეხბურთო სამყარო ველოდებოდით, რომ სანიოლი გამოვიდოდა და ამას ახსნიდა.
შემადგენლობიდან და სათამაშო სისტემიდან გამომდინარე, გუნდი მოგებაზე იყო ორინეტირებული. მანამდე სანიოლი გუნდს 3-5-2 სქემით ათამაშებდა, დაცვიდან, სივრცეების ჩაკეტვით – ანუ მეორე ნომრად. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ესპანეთი სათანადოდ არ დააფასეს ან ზედმეტად შეაფასეს საქართველოს ნაკრების შესაძლებლობები და სივრცეები გახსნეს.
დაცვის ხაზს რომ შევხედოთ, ფლანგებზე არცერთი არ იყო ნომინალური მცველი – გოჩოლეიშვილიცა და აზაროვიც უფრო შემტევი ყაიდის ფეხბურთელები არიან და წინ უკეთესად თამაშობენ, ვიდრე დაცვაში. სპეციალისტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ კვირკველიასა და კაშიას, ასაკის გამო, ძველი კონდიციები და სისწრაფე დაკარგული აქვთ.
ნახევარდაცვაში გვყავდა აბურჯანია და გაგნიძე. არცერთი არაა ისეთი მოთამაშე, რომ დაცვით ფაზაში სათანადოდ იმოქმედოს, მათ წინააღმდეგ კი გავი, როდრი და ფაბიან რუისი თამაშობდნენ. დაიწყო თუ არა მატჩი, სივრცეები გამოჩნდა, რასაც ესპანეთი კარგად იყენებდა და მერე სრული კოლაფსი შეიქმნა.
ჩვენი ფეხბურთელები მეტოქეს მის საჯარიმოსთან არ ხვდებოდნენ და წნეხში ვერ აქცევდნენ, ამას მხოლოდ საკუთარ მოედანზე ცდილობდნენ. კონტრშეტევის იმედად ვიყავით, მაგრამ გადაბმულად 2-3 პასს ვერ ვაკეთებდით, ბურთი ვერ ამოგვქონდა და დაცვაში ხშირად ვკარგავდით. იმის თქმა მინდა, რომ ბევრ კომპონენტში გუნდი ვერ გაიზარდა, მსაჯზე და წვიმაზე აპელირება ტყუილი ფაქტორებია.
ამიტომ სწორი ანალიზი უნდა გავაკეთოთ. ჯოხს მხოლოდ სანიოლზე ვერ გადავტეხავთ, რადგან კვალიფიციური ფეხბურთელების დეფიციტია. სანამ ზუსტი ანალიზი არ მოხდება, შედეგი არ იქნება“, – განაცხადა კობა ჟორჟიკაშვილმა.