საფეხბურთო ტაიმაუტი | კობა ჟორჟიკაშვილი - არის პოტენციალი, ათი კვარაცხელია აღვზარდოთ, მაგრამ მხოლოდ ერთი გვყავს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | კობა ჟორჟიკაშვილი - არის პოტენციალი, ათი კვარაცხელია აღვზარდოთ, მაგრამ მხოლოდ ერთი გვყავს #1TVSPORT

ქართველმა სპეციალისტმა კობა ჟორჟიკაშვილმა, რომელსაც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში უმუშავია, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ევროტურნირების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების გამოსვლა გაანალიზა.

„მოდით, გლობალურად ვიკითხოთ – რას აკეთებენ ჩვენ კლუბები არასწორად, ასეთი ცუდი შედეგები რომ გვაქვს“, – ჟორჟიკაშვილმა საუბარი გადაცემის წამყვანის, გია თვალაბეიშვილის ამ კითხვაზე პასუხით დაიწყო.

„ფეხბურთში შედეგი რომ იყოს, უპირველესად, საჭიროა კარგი ფეხბურთელები, რადგან ისინი მთავარი მოქმედი პირები არიან. ამიტომ იხდიან მილიონებს ევროპული გრანდები, თორემ საკუთარი აკადემიის აღზრდილებით ითამაშებდნენ.

– ჩვენ ვართ მიმწოდებლები და არა მომხმარებლები, ჩვენ არ გაქვს ფული, რომ კარგი მოთამაშეები მოვიყვანოთ და შედეგებს მივაღწიოთ. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, საკუთარი მოთამაშეები აღვზარდოთ – საკუთარი კი ძალიან ნიჭიერი ბავშვები გვყავს, მაგრამ მათაც ვერ ვზრდით.

– „დინამოს“ მაგალითი რომ ავიღოთ, სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ მოთამაშეები და მწვრთნელები სწორ ანალიზს გააკეთებენ და შემდეგ ეტაპზე გავლენ. მე მაინც მგონია, კონცენტრაცია დაკარგეს და მეტოქე არ დააფასეს, მოდუნდნენ. ბენიოს მხრიდანაც ისეთი უხეში შეცდომები იყო, წარმოუდგენელია.

– ლეგიონერები იმიტომ ჩამოგვყავს, რომ ასეთი თამაში კარგად ჩაატარონ. თორემ, ევროთასებზე თუ არ ივარგა, ჩვენი კადრები დავაყენოთ, არა მგონია, რომელიმე ქართველ მცველს ასეთი შეცდომა დაეშვა. ჩვენ არ გვაქვს დიდი ფული, მაგრამ ჩვენთან საუკეთესო ბავშვები იბადებიან და ბენიოზე უკეთესი მცველები შეგვიძლია გავზარდოთ. ცუდი ისაა, რომ მათ არასწორად ვზრდით. აღზრდის სისტემა არ არსებობს.

– ფეხბურთს გაჭირვებულები თამაშობენ. დღეს კი გადასახადი 150 ლარამდე ავიდა. პლუს ემატება ფორმის, ბუცების, თამაშის ორგანიზების ხარჯები. ამ ბავშვებთან დაბალი კვალიფიკაციის მწვრთნელები მუშაობენ, რომლებსაც არ აქვთ განათლება. ბავშვებზე ექსპერიმენტებს ატარებენ.

– ჩვენი ერთ-ერთი დიდი ნაკლი ფიზიკური მომზადებაა. დღეს ჩვენ ამაში ძალიან მოვიკოჭლებთ. ბავშებს თავიდანვე დიდ ზეწოლაა – „ინტერის“ აკადემიაში იტალიელი მწვრთნელი ჩამოვიდა და გვითხრა, ჩვენ ბავშვების აღზრდაზე ვართ ორიენტირებული, თქვენ კი შედეგზეო.

– გამოდიან მერე გამოწურული ლიმონივით. სწორედ ეს მოგვივიდა მაკედონიასთან, ჩვენს მოთამაშეებს სილაღე აკლიათ, რადგან „შეკუმშულები“ არიან. არადა, არის პოტენციალი ათი კვარაცხელია აღვზარდოთ, მაგრამ არის ერთი. ამას თუ ეშველება, ჩვენს ფეხბურთს ეშველება“, – ამბობს კობა ჟორჟიკაშვილი.