საფეხბურთო ტაიმაუტი | კახა ცხადაძე - კვარაცხელია ხელშეუხებელიაო, მაგრამ 100 მილიონს რომ შესთავაზებენ, „ნაპოლი“ უარს ვეღარ იტყვის #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარი საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე იყო, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
„ხვიჩა კვარაცხელიამ რადიკალურად შეცვალა დამოკიდებულება ფეხბურთისადმი ჩვენს ქვეყანაში. ამის გამო მადლობა უნდა ვუთხრათ. მასზე ბევრი შეიძლება ითქვას. მის თავს ყოველდღე რაღაც ხდება. თუმდაც ის, რომ ბოლო თამაშში სპალეტიმ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაასვენა – ეს საჭირო იყო გუნდისთვის, რომელიც ორ ფრონტზე იბრძვის. ფეხბურთელების მონაცემებს პირდაპირ რეჟიმში ნახულობენ. საინტერესო მომენტი იყო ის, რომ კიდევ ერთი ტესტი ჩააბარა ამ დროს კვარამ – სპალეტის სიტყვებს გავიხსენებ, ასეთი შეკრული გუნდი არ მყოლიაო. ხვიჩამ თავისი ამბიციები გვერდზე გადადო და გუნდის ინტერესი გაითვალისწინა. ჩვენ მისი დამოკიდებულება დავინახეთ. მქონია მსგავსი მომენტი, როდესაც ფეხბურთელი არ შევიყვანე და თამაშის შემდეგ გუნდი რომ ზეიმობდა, ის დაბოღმილი იჯდა. ასეთი ფეხბურთს ვერასოდეს ითამაშებს.
მწვრთნელებში უმართლებს და ღმერთმა ქნას, რომ ასე გაგრძელდეს. სიომინმა დააკვალიანა, ძალიან უყვარს ქართველები. სლუცკიში გაუმართლა, რომელმაც რაღაც დონეზე ჩამოაყალიბა და ამ ბარგით წავიდა ევროპაში. საქართველოში ფორმა შეინარჩუნა და იტალიაში მოხვდა. ასევე გაუმართლა სპალეტიში – ფაქტია, რომ კვარაცხელია კარგად თამაშობს გუნდში, რომელიც 4-3-3 სქემას იყენებს. უფრო შეუძლია ინდივიდუალურად თამაში, თავის თავზე თამაშის აღება, საგოლე გადაცემების გაკეთება. სად შეუძლია ითამაშოს? ჩემთვის „მანჩესტერ სიტი“ გამორჩეულია, რომელსაც დიდი მწვრთნელი ჰყავს, ყველაზე სერიოზული ფინანსები აქვს – კლოპმა თქვა, რომ ერთადერთი გუნდია, ვისაც არ შეუძლია ვინმეზე უარი თქვას. ხვიჩას გადასვლას ამ გუნდში ვისურვებდი.
მაგრამ რაც ვიცი, „რეალი“ უყვარს და ვუსურვებდი, რომ მადრიდში გადავიდეს. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ წავა, უნდა ითამაშოს. მისთვის ზედგამოჭრილი იქნება, თუ „ბარსელონა“ გამოჩნდება, იგივე „სიტი“ და „ბაიერნი“. შეინარჩუნებს თუ არა „ნაპოლი“? ამბობენ, რომ ხელშეუხებელიაო, მაგრამ 100 მილიონს რომ შესთავაზებენ, ამაზე უარს ვეღარ იტყვის. ყველაზე მთავარი სტაბილურობაა და გამოჩნდა, რომ ესეც გააჩნია. ის ძალიან მაგარ მწვრთნელთანაა და რაც მთავარია, უჯერებს. მაგრამ მინიმუმ ერთი წელი წასვლაზე არ უნდა იფიქროს, მერე კი აუცილებლად წავა. სულ მჭიდროდ ეთამაშებიან, მაგრამ 1-2 მომენტს ყველა თამაშში ქმნის“, – განაცხადა კახა ცხადაძემ.
მან ასევე ისაუბრა 2023 წლის მნიშვნელოვან მოვლენებზე – დაიწყება ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლი, რომელიც ცუდად ემთხვევა ახალგაზრდულ ევრო 2023-ს, სადაც „ჯვაროსნების“ რამდენიმე წევრს (მამარდაშვილი, დავითაშვილი, აზაროვი, კვარაცხელია) შეუძლია ითამაშოს.
„რამდენად მოახერხებენ შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ დაბრუნებული ეროვნული ნაკრების მოთამაშეები ევრო 2023-ზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ინტეგრირებას და ხომ არ არევს ეს გუნდს?“, – საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მწვრთნელმა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანის, გიორგი თვალაბეიშვილის ამ კითხვაზე საკუთარი პოზიცია გააჟღერა.
„მე არ მინდა, რომ ცოტა ზედმეტი ვთქვა ან ჩარევა გამომივიდეს. უბრალოდ, ჩემ აზრს ვიტყვი, რომ კვარაცხელიას და დავითაშვილს რა დავალებაც არ უნდა მისცე, იმას შეასრულებენ. ჩემი გადმოსახედიდან ასეა. დანარჩენი დამოკიდებული იქნება იმაზე, ფიზიკურად რამდენად შეძლებენ ამხელა გზის შემდეგ ჩამოსვლას და თამაშს. ამას მწვრთნელები გადწყვეტენ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, კვარაცხელია და დავითაშვილი ცხვირს არ აწევენ და არასოდეს არ იტყვიან უარს, რომ ეროვნული ნაკრებიდან ახალგაზრდულში წამოვიდნენ და დაეხმარონ. თუ ფიზიკურად შეუძლიათ და ასეთი გრაფიკით თამაში არ ავნებთ, მათი არ გამოყენება წარმოუდგენელია.
მე ვიცნობ ამ ნაკრებს – „დინამოში“ მუშაობის დროს ჩვენი ძირითადი შემადგენლობის 6 ფეხბურთელს ყოველთვის იძახებდნენ. ისინი დღესაც ამ ნაკრებში არიან და წამყვან როლებს ასრულებენ. ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბოლო ორი თამაში ჩააგდო, მაგრამ მანამდე ძალიან კარგი შეხვედრები ჩაატარა. საერთოდ, წაგების დროს უფრო ჩანს ის მინუსები, რაც გუნდს გააჩნია – ვფიქრობ, ამას მწვრთნელები კარგად შეაფასებდნენ და ამ ნაკლის გამოსწორებაზე იმუშავებენ. მთავარია, რომ ეს წაგებები სასიკეთო დროს მოხდა“, – ასეთია კახა ცხადაძის პოზიცია.