საფეხბურთო ტაიმაუტი | კახა ცხადაძე - ხვიჩა კვარაცხელია შარშან სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე გახდა და სანერვიულო არ ჰქონდა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ სტუმრობისას საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და „უდინეზესთან“ მის მიერ დასრულებულ უგოლო სერიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ხვიჩას გოლი ყველას ძალიან გაგვიხარდა, რადგან უგოლო სერია გაიწელა. ემჩნეოდა, რომ განიცდიდა, მაგრამ ის შარშან სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე გახდა და სანერვიულო არ ჰქონია.
კვარაცხელია უმაღლესი დონის ფეხბურთელი და მსოფლიო დონის ვარსკვლავია. ის ბევრს მიაღწევს. როდესაც ბურთი მეორედაც მოარტყა ძელს, აშკარად ნერვიულობდა, ეს კი მეტოქეს არ უნდა აჩვენო. პირიქით, ყველას უნდა დაანახოს, რომ თავდაჯერებულია. გოლიც კარგი გაიტანა. ასეთი შესრულება მაღალი კლასის მაჩვენებელია.
ხვიჩა უცებ აფეთქდა. გოლთან ერთად პენალტი მოიპოვა, ორჯერ ძელს მოარტყა, საგოლე გადაცემა შეასრულა. ფაქტია, ლაღად თამაშობდა და ასე უნდა გააგრძელოს. მოედანზე აგრესიით გავიდა, ამის გარეშე კი ფეხბურთს ვერც ითამაშებს, მაგრამ ესეც ჩარჩოში უნდა ჩასვას.
„ნაპოლის“ დაღმასვლა მაშინ დაეწყო, როდესაც მოტივაცია დაკარგა და, შესაბამისად, კონცენტრაცია. მერე მოვიდა ახალი მწვრთნელი.
მთავარი ის იყო, რომ შეხვედრამდე გუნდი შეიკრიბა, მწვრთნელთან დაილაპარაკეს და იმ ფეხბურთს დაუბრუნდნენ, რომელსაც თამაშობდნენ. ამის შედეგი დავინახეთ, მოთამაშეები მეტოქის საჯარიმოსთან აქტიურ პრესინგს მიმართავდნენ“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ კახა ცხადაძემ.