საფეხბურთო ტაიმაუტი | კახა ცხადაძე - ჩვენი თაობის შემდეგ საქართველოს ნაკრებში ასეთი შემქმნელები არ გვყოლია, მაგრამ გუნდს აგრესიულობა აკლია #1TVSPORT
ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.
„ქეცბაიასთან ვსაუბრობდით, რომ ერთა ლიგის პირველი გათამაშების დროს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ძალიან კარგი შანსი ხელიდან გავუშვით. ტრაბახი არ მინდა, მაგრამ ჩვენი დროის ნაკრებს ერთა ლიგაზე რომ ეთამაშა, დიდ ტურნირზე აუცილებლად გავიდოდით.
უეფა-მ შესაძლებლობა მოგვცა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავსულიყავით. სამწუხაროდ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან დავმარცხდით. ის მატჩი აუცილებლად უნდა მოგვეგო. ახლაც იგივე შანსია და ვთვლი, ეს უნდა გამოვიყენოთ.
ბოლო თამაშებმა ბევრი კითხვა გააჩინა. მაგალითად, როცა ნორვეგიასთან 0:2-ს ვაგებდით, მხოლოდ ბოლო 5 წუთი რატომ ვუტევდით? ვიმედოვნებ, ერთა ლიგამდე ბევრი რამ შეიცვლება.
საერთოდ, ჩვენ აგრესიულობა გვაკლია. თანამედროვე ფეხბურთში ხაზებს შორის დისტანცია მცირდება. ჩვენ კი, სამწუხაროდ, მხოლოდ დაცვაში და სწრაფ შეტევაზე ვთამაშობთ, მაღალი პრესინგი არ გამოგვდის. ჩვენ არ გვყავს სწრაფი მცველები, მაგრამ არა მგონია, ესპანეთის უკანახაზელები ძალიან სწრაფები იყვნენ.
აგრესიულობა და ბურთის დროული ამოტანა გვჭირდება. ამის პოტენციალიც არის, ჩვენი ნაკრების შემდეგ ეროვნულ გუნდს ასეთი დონის შემქმნელები არ ჰყოლია“, – ამბობს კახა ცხადაძე.