საფეხბურთო ტაიმაუტი | იაგო ხვიჩია - პარლამენტის ტრიბუნიდან ფეხბურთზე იდეა უნდა წამოვაყენო #1TVSPORT
პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარი ფეხბურთის გულშემატკივარი, „გირჩის“ ლიდერი, პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი იაგო ხვიჩია გადაცემის თანაწამყვანმა, ლეგენდარული „დინამოს“ თავდამსხმელმა ვლადიმერ გუცაევმა წარადგინა.
„იაგო ჩვენი გადაცემის პირველი პოლიტიკოსი სტუმარია. ბევრის აზრია, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთად წარმოუდგენელია. ამ დროს, ასე არაა. სპორტში და კერძოდ ფეხბურთში ძალიან დიდი პიროვნებები ერევიან და ინტერესდებიან – ინგლისის დედოფალი, ესპანეთის მეფე, პრეზიდენტები დადიან ფეხბურთზე“, – განაცხადა გადაცემის თანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა.
პოლიტიკოსის მოსაზრებები ქართულ ფეხბურთზე ორიგინალური და საინტერესო იყო. მისი თქმით, ვითარებას მხოლოდ ფუნდამენტური ცვლილებები და აზარტის დაბრუნება გამოასწორებს.
„მე ძალიან კრიტიკული ვარ ქართული ფეხბურთის მიმართ. საქართველოში არსებობდა საბჭოთა ფეხბურთი, მაგრამ ქართული ფეხბურთი ვერ შევქმენით. შენ თუ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე არ გადიხარ, შენი გუნდები არ მონაწილეობენ თუნდაც ევროპის ლიგის ფინალურ ეტაპებზე, შენ ფეხბურთი არ გაქვს. მე რაც დავიბადე, მას შემდეგ ასეთი ფეხბურთის ნახვის შანსი არ გვქონია. ეს მაწუხებს.
ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით ბოლო მოლოდინი მქონდა 2020 წლის ნოემბერში, როდესაც ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფში გავიდა, მაგრამ ეს თამაში კორონავირუსს შევწირეთ, გულშემატკივარი არ შევუშვით და ხვიჩა კვარაცხელია არ ვათამაშეთ, რადგან ეს ამბავი საერთოდ არაფერ შუაში არ იყო. ამით დავკარგეთ მოედნის და თავდასხმის უპირატესობა.
მე ამ დროს მეგობრებს ვთხოვე და სტადიონის გარეთ ეკრანი დავაყენეთ, რომ იქვე გვეგულშემატკივრა და ჩვენი გუნდი გაგვემხნევებინა. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ეს იყო ბოლო თამაში, როდესაც ქართულ ფეხბურთზე ვიყავი – არადა, სულ დავდიოდი, ბავშვობაშიც, მერეც, ნაკრების თამაშებზეც. მაგრამ თუ ჩვენ ყველაფერს ფუნდამენტურად არ შევცვლით, ორიოდე ტალანტის იმედად ვიქნებით და ფიზიკურად არ დავინახავთ, როგორ ფუნქციონირებს თანამედროვე სპორტული სამყარო, არაფერი გამოვა.
სწორედ ამიტომ, ჩემი სიტყვა რომ მეთქვა ქართულ ფეხბურთში, (პარლამენტის) სპორტის კომიტეტში გავწევრიანდი. ჩემს პროფესიაში ისეთი საგიჟეთი ხდება, ამაზე საუბრის საშუალება არ მქონია, მაგრამ მინდა, პარლამენტის ტრიბუნიდან ფეხბურთში იდეა „გავისროლო“. იდეა იმის შესახებ, რომ თუ ქართულ ფეხბურთში აზარტი არ დავაბრუნეთ, არაფერს აზრი არ აქვს.“
ვლადიმერ გუცაევი: „რატომ არ შეიძლება პარლამენტში დადგეს საკითხი, რომ ფეხბურთის დახმარების სერიოზული გეგმა შემუშავდეს?“
იაგო ხვიჩია: „ნაწილობრივ გეთანხმებით, მაგრამ ახლა სხვა დრო და ეპოქაა. ჩემი აზრით, უნდა შევქმნათ გარემო, რომ ფინანსურ გენიოსებს ფეხბურთში მოსვლა მოუნდეთ, დამენეჯმენტდება ეს სფერო და მოსვლის სტიმული ექნებათ. მაგრამ ჯერ მოედანზე აზარტი უნდა დაბრუნდეს. დამოუკიდებლობამ დაანგრია საბჭოთა ფეხბურთი. ჩვენ კი ახალი ქართული ფეხბურთი უნდა შევქმნათ. ადრე ქართული ფეხბურთი ეთნიკურ ნიადაგზე იდგა და რუსებს, უკრაინელებს, სომხებს, ბელარუსებს, ბალტიისპირელებს ვამარცხებდით. იქ მთელი ერი იბრძოდა მოედანზე – ეს აზარტი საბჭოთა ფეხბურთის დანგრევამ გამოგვაცალა.
ახლა ნიჭიერი მიდის იქ, სადაც აზარტია. ჩვენ მოედნებს ვაშენებთ აზარტის დაბრუნების ნაცვლად და მგონია, რომ ჩემი აზრით, შეცდომას აქ ვუშვებთ. ჩემი აზრით, რუსების გარეშე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი უნდა აღვადგინოთ. თუ გვინდა, რომ მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშოთ, კონკურენცია უნდა გავაჩინოთ. თუ ეს ჩემპიონატი შეუძლებელია, ვისთანაც შესაძლებელია, იმასთან უნდა გავაკეთოთ. თორემ თბილისის და ბათუმის „დინამო“ რომ თამაშობენ, ორივე ჩემი გუნდია და ეს აზარტი არაა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.