საფეხბურთო ტაიმაუტი I ვლადიმერ გუცაევი - საბერძნეთი ლუქსემბურგზე ძლიერი გუნდია, მაგრამ მოგების შანსი გვექნება #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი I ვლადიმერ გუცაევი - საბერძნეთი ლუქსემბურგზე ძლიერი გუნდია, მაგრამ მოგების შანსი გვექნება #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა და პირველი არხის გადაცემის, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანმა, ვლადიმერ გუცაევმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს და ლუქსემბურგის (2:0) ნაკრებების შეხვედრაზე ისაუბრა. მან ასევე შეაფასა ვილი სანიოლის გუნდის შანსები საბერძნეთთან ფინალურ მატჩში.

„არ ვამბობდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ლუქსემბურგთან თამაშს მოვიგებდით. მომეწონა, სანიოლმა ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი და ასევე ორი თავდამსხმელი რომ დააყენა. მიქაუტაძე ძალიან სწრაფი და მოძრავია, შეუძლია გაიქცეს. ბუდუ ზივზივაძე კი, ჩემი აზრით, ძალიან მაგარი შემსრულებელია. არ მახსენდება, მომენტი ჰქონოდა და არ გაეტანა.

რაც შეეხება საბერძნეთთან შეხვედრას, რა თქმა უნდა, ეს ბევრად უფრო მაღალი კლასის გუნდია, ვიდრე ლუქსემბურგი. თამაშიც ძალიან რთული იქნება, თუმცა შანსები თანაბარია. გაიხსენეთ, საქართველოში შოტლანდიას ბოლო წუთამდე ვუგებდით, რომელიც საბერძნეთზე არანაკლებ ძლიერი გუნდია. შვედეთი დაგვიმარცხებია და კიდევ რამდენიმე კარგი ნაკრები. ამიტომ საბერძნეთის დონის გუნდებთან ბოლომდე თუ დავიხარჯეთ, მოგების შანსი გვექნება.

ჩემი სუბიექტური აზრით, 26 მარტს სანიოლმა ორი საყრდენი უნდა დააყენოს და ცენტრში ქოჩორაშვილთან ერთად კანკავა ათამაშოს. საბერძნეთის თამაში ვნახე, ეს გუნდი სწრაფად თამაშობს. ტექნიკური და მებრძოლი ნაკრებია. ამიტომ, ვფიქრობ, ცვლილებები უნდა იყოს, საბერძნეთი კი მოედნის ცენტრში ორი საყრდენით უნდა გავაჩეროთ“, – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.