საფეხბურთო ტაიმაუტი I ვლადიმერ გუცაევი - კვარაცხელია და მიქაუტაძე ისრაელთან დიდი ძალა იქნებოდა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანის, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელის, ვლადიმერ გუცაევის აზრით, ახალგაზრდულმა ევროპის ჩემპიონატმა საქართველოსა და ევროპის წამყვანი ნაკრებების წევრებს შორის განსხვავება გამოაჩინა.
„ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალი. დიდი ხანია, ასეთი მაღალი დონის თამაში არ მინახავს. ბუნებრივია, რომ ჩვენი და ამ ნაკრებების ფეხბურთელების დონეს ვადარებ და არ დავმალავ, მიმაჩნია, რომ მაინც ძალიან დიდი განსხვავებაა.
მაინტერესებს, რა იქნებოდა მერე, ჩვენებს ისრაელთან რომ მოეგოთ. ამ გუნდმა ნახევარფინალში ინგლისთან 0:3 წააგო. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, ჩვენ როგორ ვიქნებოდით ამ როლში, შევძლებდით რაიმეს გაკეთებას თუ ისრაელივით უსახურად ვითამაშებდით?
ოთხ თამაშში სამი გოლი გავუშვით, რაც ასეთი დონის ტურნირზე ძალიან ცოტაა. ამ დროს, ხუთი გოლი გავიტანეთ, რაც ცოტა არაა, მაგრამ მომენტებს ხშირად ვერ ვქმნიდით – მაგალითად, ისრაელთან. არ ვიცი, რატომ არ ჩამოვიდნენ კვარაცხელია და მიქაუტაძე, მაგრამ ისრაელთან ორივე ძალიან დიდი ძალა იქნებოდა“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.