საფეხბურთო ტაიმაუტი I კახა ცხადაძე - საქართველოს ნაკრებს შეტევაში უდიდესი პოტენციალი აქვს #1TVSPORT
რა ცვლილებებს ელოდება ნაკრებში კახა ცხადაძე ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის სტარტზე ნორვეგიასთან თამაშის შემდეგ? ამის შესახებ „ჯვაროსნების“ ყოფილმა კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ისაუბრა.
„არასწორი იქნება, მწვრთნელს მივუთითო. ნორვეგიასთან მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ ვილი სანიოლმა სათამაშო სქემა კარგად შეცვალა და ამან შედეგი გამოიღო. შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ამის შესახებ მომავალში იფიქრებდა. ეს სიტყვები მახსოვს.
არ ვფიქრობ, გასვლით მატჩში ხუთი მცველით ვითამაშოთ, რადგან დარწმუნებული ვარ, უფრო შემტევი ფეხბურთი იქნება. მთავარი მწვრთნელის სიტყვებიდან ის დასკვნა გამოვიტანე, რომ შესაძლოა, სათამაშო სქემა შეიცვალოს და ნაკრებმა ორი ცენტრალური მცველით ითამაშოს.
კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია ძალიან კვალიფიციურია. მას დიდი გამოცდილება აქვს საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე და ჩვენი ფეხბურთელების მენტალური მდგომარეობაც იცის. ამიტომ, პირადად მე, მის გუნდთან ძალიან დაძაბულ თამაშს ველოდები.
მეგონა, ჩაკვეტაძე ნორვეგიასთანაც ითამაშებდა, მაგრამ ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. ჩვენ აქ ვზივართ და ვლაპარაკობთ, სანიოლმა კი იცის, გუნდში რა მდგომარეობაა.
დღეს საქართველოს ნაკრებს შეტევაში ძალიან დიდი, უდიდესი პოტენციალი აქვს. სერიოზული არჩევანია და ამიტომ როტაციაც დასაშვებია. კვიპროსთან ეს თამაში ბევრს გადაწყვეტს“, – ამბობს კახა ცხადაძე.