საფეხბურთო ტაიმაუტი I კახა ცხადაძე - ჩვენი პრობლემა მაღალი პრესინგიდან ამოსვლაა, ამაზე სკოლებმა უნდა იმუშაონ #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც, მისი აზრით, ევრო 2023-ზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც გამოჩნდა და ეროვნულ გუნდსაც აქვს.
„ცხადია, ბევრი ხარვეზი იყო, მათი მოგვარება საფეხბურთო სკოლებიდან უნდა დაიწყოს. ჩვენმა ბავშვებმა უნდა ისწავლონ პრესინგიდან მოკლე გადაცემებით ამოსვლა, მაღალი პრესინგით, მაღალი დაცვით თამაში და პოზიციური შეტევები.
ისრაელთან მატჩმა ახალგაზრდული ნაკრების პრობლემები დაგვანახა. ჩვენ გვიჭირს მაშინ, როდესაც პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ. გვყავს ძალიან კარგი ინდივიდუალისტები, გოლების უმრავლესობაც მათი დამსახურებით გავიტანეთ, მაგრამ მოედნის ცენტრში შემოქმედებითი ფეხბურთელები გვჭირდება.
ჩემს აზრს თავს არავის ვახვევ, თუმცა მიმაჩნია, რომ სამი საყრდენით როდესაც ვთამაშობთ, აუცილებელია, ერთი ნახევარმცველი კრეატიული იყოს. შესანიშნავი იქნებოდა, თუ ითამაშებდა მოისწრაფიშვილი, რადგან ის ბევრ კრეატიულ მომენტს შექმნიდა.
მეტოქის მაღალი პრესინგის დროს სულ რამდენჯერმე დავინახე, რომ მოკლე გადაცემებით ამოვედით. ძირითადად ბურთი გრძელი პასებით თავდამსხმელთან მიდიოდა. ორი ჩამშლელი გასაგებია, მაგრამ შემტევებთან ბურთი ვინმემ უნდა მიიტანოს, ბურთის ამომტანი უნდა გვყავდეს. აი, ეს გვაკლია. ეროვნულ ნაკრებშიც მსგავსი სიტუაციაა“, – განაცხადა კახა ცხადაძემ.