საფეხბურთო ტაიმაუტი I გოგა გახოკიძე - მიხარია, რომ დავითაშვილი და კვარაცხელია „გენტში“ არ წავიდნენ, ბელგიაში ქართველებს თამაში უჭირთ #1TVSPORT
პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, გოგა გახოკიძემ განაცხადა, რომ ზურიკო დავითაშვილის და ხვიჩა კვარაცხელიას წაყვანა „გენტს“ სურდა.
„ახლა ქართველი მოთამაშეების ტრანსფერზე უცხოელებთან დალაპარაკება ბევრად ადვილია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. მაგალითად, იყო საუბარი „გენტში“ დავითაშვილის გადასვლაზე. ფაქტობრივად, ხელი ჰქონდა მოწერილი. საკითხი გადაწყვეტილი იყო და ბოლო მომენტში გადაიფიქრეს.
მადლობა ღმერთს, რომ კონტრაქტზე ხელი არ მოაწერა, რადგან, შესაძლოა, მისი კარიერა სულ სხვაგვარად წასულიყო. „გენტში“ და, ზოგადად, ბელგიაში ჩვენების წასვლას სიფრთხილით ვუყურებ, რადგან ბევრი ქართველი იქ სიტუაციას ვერ მოერგო – ქვილითაია, ჩაკვეტაძე, ბერიძე, ოქრიაშვილი, ზარანდია.
დავითაშვილით დაინტერესების პერიოდში კვარაცხელიაზეც იყო საუბარი, სანამ ყაზანის „რუბინში“ გადავიდოდა. ძალიან კარგია, რომ წავიდნენ იქ, სადაც მათი კარიერა განვითარდა და ახლა კი ხედავთ, რა დონეზე თამაშობენ. გუნდის სწორად შესარჩევად მომწიფებულიც უნდა იყო“, – განაცხადა გოგა გახოკიძემ.