საფეხბურთო ტაიმაუტი I გოჩა მაჩაიძე - „ლივერპულთან“ შეხვედრისას ხალხი სტადიონის სახურავზეც იდგა და შემეშინდა, არ გადმოვარდნენ-მეთქი #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი I გოჩა მაჩაიძე - „ლივერპულთან“ შეხვედრისას ხალხი სტადიონის სახურავზეც იდგა და შემეშინდა, არ გადმოვარდნენ-მეთქი #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ახალ რუბრიკაში „ლეგენდარული მატჩები“ თბილისის „დინამოს“ ყოფილმა მოთამაშემ, გოჩა მაჩაიძემ „ლივერპულთან“ კოკისპირულ წვიმაში ჩატარებული მატჩი გაიხსენა, რომელიც ნოდარ ახალკაცის გუნდმა 3:0 მოიგო.

„ძირითადად, მარცხენა ფლანგზე მცველად ვთამაშობდი, მაგრამ ახალკაცმა „ლივერპულთან“ მარჯვენა მცველად დამაყენა. ჩემი სათამაშო არეალი ჩვენი კუთხურის ალმიდან მეტოქის კარამდე სივრცე იყო.

მანამდე „ინტერთან“ ძალიან მაგარი შეხვედრა მოვიგეთ და ახალკაცმა მითხრა, შენგან მეტი არაფერი მინდა, რასაც თამაშობ, ასე გააგრძელეო. „ლივერპულთან“ კი ჩვენი მარჯვენა მცველი – თამაზ კოსტავა დაშავდა და მის ადგილზე გადამიყვანა.

კოსტავასა და ხინჩაგაშვილს ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდათ. ორივე ძალიან ძლიერი მცველი იყო. ამის გამო ახალკაცი მათ სხვადასხვა ფეხბურთელით ცვლიდა, ვისაც სად ეხერხებოდა თამაში.

„ლივერპულთან“ შეხვედრა კარგად მახსოვს, მაღალი ფეხბურთელები ჰყავდათ, რომლებსაც სირბილი უჭირდათ. მათი კოზირები ჩაწოდებები და თავით თამაში იყო. ჩემს ფლანგზე სწრაფი მოთამაშე ჰყავდათ და შეგნებულად ისე ვეთამაშებოდი, რომ ფლანგიდან მოედნის შუაში შესულიყო. იქ მართლა დაიკარგა და მეორე ტაიმში შეცვალეს.

მეორე შეხვედრა დიდი ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ მაინც უკმარისობის გრძნობა დამრჩა, რადგან ინგლისში პირველი მატჩი წასაგები არ იყო, ადამიანს მეტი გინდა. საბოლოოდ, ურთულეს თამაშებში გავიმარჯვეთ. ფეხბურთელი მოედანზე რომ გადიხარ, ტრიბუნებს უყურებ. ხალხი სტადიონის სახურავზეც იდგა და შემეშინდა, არ გადმოვარდნენ-მეთქი“, – ამბობს გოჩა მაჩაიძე.