საფეხბურთო ტაიმაუტი I გიორგი ჩიხრაძე - საქართველოს ნაკრებს ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლა და მათი დამარცხებაც შეუძლია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ ყოფილმა მწვრთნელმა, გიორგი ჩიხრაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ეროვნული და ახალგაზრდული გუნდების მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრა.
„ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლი ახლა დაიწყო, ერთი თამაში გამართა ნორვეგიასთან. პირველი ტაიმი არ იყო ისეთი, როგორც გვსურდა, მაგრამ მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა. ნაკრებმა აჩვენა, რომ შეტევაში უფრო აქტიური თამაში შეგვიძლია.
მაგრამ ეს იყო პირველი თამაში და ძნელია დასკვნის გამოტანა, რამდენად გვაქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი. დღევანდელ ნაკრებს შეუძლია ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლა და მათი დამარცხებაც.
კვიპროსსა და შოტლანდიასთან მნიშვნელოვანი თამაშები გველის, იოლი არცერთი იქნება. კარგი ფეხბურთელები გვყავს და სამწვრთნელო სტაფი მშვენივრად მუშაობს. ამ ორ შეხვედრაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ.
ხვიჩა კვარაცხელიას ყოფნა მოთამაშეებს რწმენას მატებს. ისინი იჯერებენ, რომ მაღალ დონეზე შეუძლიათ თამაში.
სამწუხაროა, რომ ნაკრების ივნისის თამაში ევრო 2023-ზე ახალგაზრდული გუნდის პირველი ტურის შეხვედრას დაემთხვა. შესაძლოა, ზოგიერთი ფეხბურთელი საწყის ეტაპზე სვანაძის გუნდს ვერ დაეხმაროს, თუმცა ამ ბიჭებს საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვთ. სახლში ვთამაშობთ და ვფიქრობ, უნდა ვიბრძოლოთ. მნიშვნელოვანია, ასეთ მაღალ დონეზე შედეგი ვაჩვენოთ“, – აცხადებს ჩიხრაძე.