საფეხბურთო ტაიმაუტი I გელა კეტაშვილი - ოლიმპიური ოქროს მედალი სარფის საბაჟოზე აღმოაჩინეს და დამიბრუნეს #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, ერთადერთმა ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფეხბურთში, გელა კეტაშვილმა გაიხსენა, როგორ მოხვდა მის მიერ აფხაზეთის ომის ფონდისთვის შეწირული ოლიმპიური მედალი სარფის საბაჟოზე.
„აფხაზეთში ომი რომ დაიწყო, მალევე იყო მოწოდება, საქართველოს ჯარს დავხმარებოდით. ვისაც რა შეგვეძლო, იმას ვაკეთებდით. კარგად მახსოვს ის დღე. 1992 წლის 30 ოქტომბერს შევხედე მედალს, მაგრამ წავედი და ჩავაბარე.
შემდეგ ეს მედალი აღმოჩნდა სარფის საბაჟოზე, სადაც თბილისის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი ვახო ქორიძე მუშაობდა. თვალები გაუფართოვდა, ეს „კეტას“ მედალია და აქ რა უნდაო.
წარმოიდგინეთ, ქორიძემ სრულიად შემთხვევით ნახა. ოლიმპიური ოქროს მედალი 2013 წელს დამიბრუნეს და დღეისათვის ჩემთან ინახება. ანუ, რისთვისაც ჩავაბარე, იმ მიზნით არ გამოუყენებიათ და გასაყიდად გაჰქონდათ“, – აცხადებს გელა კეტაშვილი.