საფეხბურთო ტაიმაუტი | გუნდი ვერ განვითარდება, მწვრთნელი წელიწადში ორჯერ რომ იცვლება - კლუბების ბიუჯეტები მინიმუმ 10 მილიონამდე უნდა გაიზრდოს #1TVSPORT
„არის თუ არა ქართველ სპეციალისტებში კვალიფიკაციის ნაკლებობა და ხომ არ გვჭირდება კლუბებში უცხოელი მწვრთნელები?“ – საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ წამყვანის ამ კითხვაზე კომენტარი ქართველმა სპეციალისტმა, გიორგი დევდარიანმა გააკეთა.
„როგორ უნდა ვთქვა, რომ ამ წაგებებში მწვრთნელების პასუხისმგებლობა არაა. რა თქმა უნდა არის, მაგრამ გარკვეული დოზით – როგორ შეიძლება მისი პასუხისმგებლობა იყოს, როდესაც მწვრთნელს ყოველ 6 თვეში ცვლიან. ეს საქმე კი ამ დროში ვერ კეთდება. 3 თვში შეიძლება შედეგი გააკეთო ვარსკვლავებთან, რომელთაც პრემიერლიგა და ლალიგა აქვთ ნათამაშები, მაგრამ გუნდი როგორ უნდა განვითარდეს, მწვრთნელი წელიწადში ორჯერ რომ იცვლება? მოვა მწვრთნელი და გუნდში 6-7 ფეხბურთელი მიჰყავს და ასეა ყოველ ჯერზე. ერთადერთი შანსი მგონია, რომ „საბურთალომ“ და „დინამო აკადემიამ“ 4-5 წელი, 22 წლამდე დაკაცდნენ, ცხოვრებისგანაც გამოცდილება რომ მიიღონ. ფეხბურთში შედეგს დაღვინებული კაცები დებენ. ასეთი უნდა გაზარდო ან ევროტურნირებისთვის საჭირო დონის ლეგიონერები ჩამოიყვანო.
– ბათუმის „დინამოს“ ბიუჯეტი სულაც 150 მილიონი რომ ჰქონდეს, საერთო დონის ასაწევად საკმარისი არ იქნება, რადგან საქართველოს ჩემპიონატში უნდა იყოს გუნდები, რომლებიც სპარინგ-პარტნიორობას გაუწევენ. ჩამოიყვანეთ მოურინიო ან კლოპი ქართულ გუნდებში – „დილაში“, „სიონში“, იგივე „დინამო თბილისში“. საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა გაუჭირდებათ. მოთამაშეების გარეშე წარმატება შეუძლებელია. წარმოუდგენელია, 2 მილიონი გაქვს ბიუჯეტი და ევროჯგუფში გინდა შეხვიდე, როდესაც ხორვატიიდან, სერბეთიდან და აფრიკიდან რჩეული ბიჭები ჰყავთ და წლიური ხელფასი ფეხბურთელს 100 და 200 ათასს იღებენ, რადგან გოლის გატანა იციან, შენმა კი არ იცის. ვერ მოუგებ. სანამ შენი კლუბების მინიმალური ბიუჯეტი 10 მილიონამდე არ შეივსება, მანამდე კვარაცხელიას მსგავსად ფეხბურთელების გაზრდაზე უნდა ვიზრუნოთ.
– რატომ ჩამოჰყავთ ასეთი ლეგიონერები? არ ვიცი. უცხოელი იმიტომ უნდა ჩამოიყვანო, რომ თამაშის ბედი გადაგიწყვიტოს ან მცველი, რომელიც ნათამაშებია და იცი, რომ გამოცდილია. აქ შანსია, რომ აფრიკასა და ბრაზილიაში მუშაობდნენ კლუბების სკაუტები, მაგრამ 2-მილიონიანი ბიუჯეტებით ესეც წარმოუდგენელია“, – ამბობს გიორგი დევდარიანი.