საფეხბურთო ტაიმაუტი | გიზი მამაგეიშვილი - დარწმუნებულები ვიყავით, რომ სეზონს ტიტულით დავასრულებდით #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „საბურთალოს“ ნახევარმცველმა, გიზი მამაგეიშვილმა საქართველოს თასის ფინალზე („საბურთალო“-ბათუმის „დინამო“ 1:0), კლუბისა და საკუთარ მიზნებზე ისაუბრა.
„ჩვენი მიზანი საქართველოს თასის მოგება იყო და ეს შედეგი მივიღეთ. ჩემპიონატში ბოლოს ბევრი წაგება გადაება, რადგან ფინალზე ვიყავით კონცენტრირებულნი. ბათუმის „დინამოსთან“ დაძაბულობაც იყო, შეხლა-შემოხლა და კამათიც, მაგრამ ბოლოს ყველაფერი კარგად დასრულდა. გუნდი ყველაზე საშიში მაშინ არის, როდესაც დასაკარგი არაფერი აქვს. ეს მინუსიც არის და პლუსიც, „საბურთალომ“ კი ეს მომენტი გამოიყენა და თასი მოვიგეთ.
რაც შეეხება ჩემპიონატს – ომარ თეთრაძეს ჩემპიონობა უნდოდა და გუნდში ამ მიზნით მოვიდა. ძალიან მოტივირებულები ვიყავით, ზამთარში კარგი შეკრება გავიარეთ, მაგრამ ზაფხულში რამდენიმე მოთამაშე ტრავმირებული იყო და ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპისთვის კარგად ვეღარ მოვემზადეთ. სეზონის კარგი დასაწყისის შემდეგ ჩავარდნა ალბათ ამანაც განაპირობა.
რაც შეეხება პირადად ჩემს მიზანს – რა თქმა უნდა, უცხოეთში წასვლა მსურს. როდესაც ევროპული კლუბების სავარჯიშო ბაზებს და პირობებს ნახულობ, გიჩნდება სურვილი, რომ ასეთივე სიტუაციაში მოემზადო. ფიქრობ, რომ მათ პირობებში თავის გამოვლენას შეძლებ. მიზანი სწორედ ესაა, რომ ჩვენმა თაობამ შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოავლინოს.
გიორგი მიქაძემ გუნდში განსხვავებული სტილი მოიტანა. მისი ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა ბათუმის „დინამოსთან“ გვქონდა. ზედიზედ რადენიმე წაგების შემდეგ ის შეხვედრა ფრედ დავასრულეთ და საკუთარი ძალების ვირწმუნეთ.
მერე კი ისევ იყო წაგებები, მაგრამ დავინახეთ, რომ სეზონის კარგად დაგვირგვინება შეგვეძლო. თასის თამაშებში მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით და ეს მატჩები მაღალ დონეზე ჩავატარეთ. ალბათ ამიტომაც ვიყავით დარწმუნებული, რომ სეზონს ტიტულით დავასრულებდით“, – განაცხადა გიზი მამაგეიშვილმა „საფეხბურთო ტაიმაუტში“.