საფეხბურთო ტაიმაუტი | გივი ჩუგუაშვილი - ლაზიშვილებისა და ნემსაძის გარეშე მეტრეველი „დინამოში“ ვერ ჩამოვიდოდა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ სტუმრობისას მსახიობმა გივი ჩუგუაშვილმა თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელები, მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი გაიხსენა.
„ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ჩემთვის სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი კერპები იყვნენ. მესხი იყო ლეგენდა, რომელიც აღარ განმეორდება. მუშტაიდის ბაღში ვუსმენდი გულშემატკივრებს, რომლებმაც დაწვრილებით, წუთებით იცოდნენ, თითოეულ თამაშში რა გააკეთა, რამდენი კაცი მოატყუა. იყო მატჩები, სადაც თამაში არ გამოსდიოდა, ტრიბუნებიდან გულშემატკირები უყვიროდნენ – „მიშა, მიდი“ და უცებ ისეთ რამეს გააკეთებდა, გოლს გაიტანდა ან სხვას გაატანინებდა.
მეზობელი მყავდა, რომელიც თამაშზე ორ ბილეთს ყიდულობდა, ერთს ჩრდილოეთ ტრიბუნაზე, მეორეს – სამხრეთზე. ერთ ბილეთს მე მაძლევდა – ფეხბურთელების მიერ მოედნის არჩევის შემდეგ იმ მხარეს მიდიოდა, სადაც მიშა თამაშობდა, მეორე ტაიმში კი ადგილებს ვცვლიდით. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ სადაც მესხი უტევდა, იმ კართან ახლოს ყოფილიყო.
მერე უცებ გადაწყდა, რომ „დინამოში“ სლავა მეტრეველი ჩამოეყვანათ. ეს ლაზიშვილებისა და ნემსაძის გარეშე ვერ მოხერხდებოდა, რომლებსაც მაშინ კომბინატორებს ეძახდნენ, თორემ ბიზნესმენები იყვნენ. პატრიოტული საქმე გააკეთეს და რომ არა ისინი, სლავა თბილისში ვერ ჩამოვიდოდა, ძალიან მაგარი გუნდი გაკეთდა.
მიშა მესხის ფეხბურთიდან გაცილებაც მახსოვს. ურუგვაის „ნასიონალთან“ იმ თამაშს დავესწარი. თვალები ცრემლით ამევსო, რადგან მიშამ „დინამოში“ ბოლო თამაში ჩაატარა და ხელში აყვანილი გააცილეს. მე კი მეგონა, რომ „დინამო“ და მესხი შესისხლხორცებულნი იყვნენ და მათი დაშორება წარმოუდგენლად მეჩვენებოდა“, – გაიხსენა გივი ჩუგუაშვილმა.