საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი თავაძე - თავიდან მეგონა, ახალკაცი მეხუმრა, მაგრამ შემადგენლობაში რომ დამასახელა, ცოტა ვინერვიულე #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა ლონდონში „ვესტ ჰემთან“ მატჩამდე მომხდარი ამბავი გაიხსენა, რომელიც გულშემატკივრისთვის უცნობია.
„მაშინ მარცხენა მცველად დავით მუჯირი თამაშობდა, რომელიც ძალიან სწრაფი და მაგარი ფეხბურთელი იყო და კარგ ფორმაში გახლდათ. „ვესტ ჰემთან“ ბოლომდე ჩვენთან ერთად იყო, მოედანზე მოთელვაზეც გამოვიდა და ვიცოდით, რომ ძირითად შემადგენლობაში უნდა ეთამაშა, მაგრამ მატჩის დაწყებამდე მუჯირმა თქვა, შეუძლოდ ვარ და ვერ ვითამაშებო. ახალკაცმა თავაძეს უთხრა, შენ ითამაშებო“, – გაიხსენა ვლადიმერ გუცაევმა.
გია თავაძე: „თამაშამდე ნოდარ ახალკაცმა მოულოდნელად მკითხა, შემადგენლობაში რომ დაგაყენო, ითამაშებო? აბა, რისთვის ვარ აქ ჩამოსული-მეთქი. თავიდან მეგონა, მეხუმრა, მაგრამ შემადგენლობაში რომ დამასახელა, ცოტა ვინერვიულე. თუმცა შიში არ მქონია და საკუთარ თავს ვუთხარი, ან ლანჩხუთში დაბრუნდები, ან „დინამოში“ დარჩები-მეთქი“.