საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი მიქაძე - არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებთან თამაში ვინმესთვის ადვილი იქნება #1TVSPORT
„იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„მინდა, მივულოცო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ყველას, ვინც ამ წარმატების შემოქმედია – ჩვენი ნაკრების წევრებს, ფედერაციის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს.
არა ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებთან თამაში ვინმესთვის ადვილი იყოს. სულაც არ მგონია, რომ თურქეთთან ან ჩეხეთთან მოგება არ შეიძლება. ერთადერთი გამოკვეთილი ფავორიტი პორტუგალიაა. დორტმუნდში დიდი თურქული დიასპორაა და მეტოქეს ბევრი გულშემატკივარი ეყოლება. ამიტომ იქ ჩვენი ბევრი ქომაგიც უნდა მოხვდეს.
ეს წარმატება ჩვენთვის, მწვრთნელებისთვისაც დიდი მოტივაცია იყო, რადგან ვიგრძენით, რომ ტყუილად არ ვმუშაობთ და წლების მანძილზე გაწეული შრომაც დაფასდა. ამავე დროს, ეს ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის დიდი მოტივაციაა და, რაც მთავარია, თავდაჯერებულობას შეიძენენ. უკვე იციან, რომ შეიძლება, წარმატებებს მიაღწიონ“, – ამბობს გიორგი მიქაძე.