საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი დევდარიანი - ჩაკვეტაძის სახით შოტლანდიასთან დაღვინებული ფეხბურთელი დავინახე #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი დევდარიანი - ჩაკვეტაძის სახით შოტლანდიასთან დაღვინებული ფეხბურთელი დავინახე #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთი ტაიმაუტში“ გიორგი დევდარიანმა საქართველოს ნაკრების თამაშს საინტერესო ანალიზი გაუკეთა.

„არის მოსაზრება, რომ სანიოლი უფრო გამოცდილ მოთამაშეებს ეყრდნობა, მაგრამ კვარაცხელიაზე რომ არაფერი ვთქვათ, გოჩოლეიშვილის, მექვაბიშვილის, კალანდაძის, ქოჩორაშვილისა და სხვა ახალი სახეების გამოჩენა მწვრთნელის მხრიდან ახალგაზრდების ნდობაზე მეტყველებს.

ნეტავ, კაშიამ თამაში კიდევ დიდხანს შეძლოს, მაგრამ გურამის მიმართ ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად, დროა, ახალგაზრდებმა უფრო მეტი ითამაშონ, მაგალითად ივა გელაშვილმა, რომელმაც 21-წლამდელებში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. იგივე კალანდაძე, ხვადაგიანი, საზონოვი – რანაირად შეიძლება, მათ შანსი არ მისცე?

მიქაუტაძეს უთამაშებლობა დაეტყო – საზრიანი ბიჭია, მაგრამ კლუბში რომ არ თამაშობს, ნაკრებშიც დაიკარგა. ამიტომ ძნელია მუდმივად ერთი შემადგენლობის შერჩევა. მე რომ მწვრთნელი ვიყო, იმათ ვათამაშებდი, ვინც კლუბში სისტემატურად თამაშობს.

თაობათა ცვლა აუცილებელია, რადგან კარგი ახალგაზრდები მიდიან. ერთი თაობისა და ერთი ასაკის მოთამაშეებით ნაკრების დაკომპლექტება წარმოუდგენელია. კონტრაქტის დასრულების შემდეგ ფედერაციამ უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა სანიოლთან თანამშრომლობას.

შოტლანდიასთან ინდივიდუალური გაბრწყინებები უფრო იყო, ვიდრე გუნდური თამაში, თუმცა მთლიანობაში მაინც პოზიტიური მატჩი გამოდგა. ფრე ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ დამუშავებული კომბინაციები ნაკლებად ჩანდა.

გამიკვირდა ჩაკვეტაძე რომ შეცვალეს. გიორგი აქამდე სულ პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა, შოტლანდიასთან კი დაღვინებული ფეხბურთელი დავინახე, ორთაბრძოლებში შედიოდა, პლუს ბურთსაც კარგად იჭერდა, შეტევებს იწყებდა და ამწვავებდა. კარგი იყო კვარაცხელია და ქოჩორაშვილი, მომეწონა ნახევარდაცვის შეთანხმებული თამაში“, – ამბობს გიორგი დევდარიანი.