საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ჭიაბრიშვილი - ხარისხიანი მოედნებისა და მაყურებლის გარეშე ძლიერი ჩემპიონატი წარმოუდგენელია #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ისაუბრა თავის გუნდზე, ეროვნულ ჩემპიონატსა და საკლუბო ფეხბურთის პრობლემებზე.
„პირველი და ყველაზე მთავარი ის არის, რომ „დინამო თბილისში“ შემადგენლობის ბირთვი შევინარჩუნეთ, ამავე დროს, გავძლიერდით და კარგი სტარტი გამოგვივიდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, როგორი გვექნება ფინიში. შევძელით ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება, რათა წარმატება მოვუტანოთ „დინამოსა“ და ქართულ ფეხბურთს.
ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა, რაც „დინამოს“ აკადემიის კარგ მუშაობაზე მეტყველებს, მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიაც ხომ ჩვენი აკადემიის აღზრდილია. ფეხბურთის ნიჭი ღმერთისგან გვაქვს ბოძებული. მიმაჩნია, რომ „დინამოს“ აკადემია მომავალშიც არაერთ ნიჭიერ ფეხბურთელს აღუზრდის ქართულ ფეხბურთს.
ბევრ ახალგაზრდას მივეცით თავის გამოჩენის საშუალება. ერთ-ერთი 17 წლის გაბრიელ სიგუაა, რომელმაც უკვე გოლებითაც მოახერხა თავის გამოჩენა. კიდევ ბევრი გამოჩნდება და, ვფიქრობ, გულშემატკივარს მათი ნახვით არაერთი სიურპრიზი ელის. რაც მეტი რესურსი ჩაიდება აკადემიების გაძლიერებაში, მით უფრო მეტი შანსი გვექნება, რომ ტალანტები არ დავკარგოთ.
ევროტურნირზე როგორც გამოვალთ, წილისყრაზეც არის დამოკიდებული, მაგრამ მიმაჩნია, რომ „დინამო თბილისი“ ახლა ბევრად ძლიერია, ვიდრე გასულ წელს იყო. ევროტურნირზე ჩემი გუნდისგან ბევრად მეტს მოველი.
გავივლით თუ არა საწყის ორ ეტაპს, აქაც რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. ჩვენ არ გვაქვს მაყურებლის წნეხი, რომელიც გუნდს მეტის გაკეთებას მოსთხოვს. ტრიბუნაზე ქომაგის ფაქტორი პანდემიის დროს კარგად გამოჩნდა – როდესაც სტადიონზე მაყურებელი არ იყო, დიდი გუნდებიც შედარებით უფერულები გახდნენ.
პრესასაც შევეხები. შეიძლება სეზონი ისე გავიდეს, მოთამაშეს ინტერვიუ არ ჩამოართვან, მწვრთნელს არავინ ეკითხება პრობლემებზე, ეს წნეხიც გვაკლია.
ევროტურნირებზე უცხო გარემოში ვხვდებით. უცებ მოდის მაყურებელი, მედია, იზრდება მოთხოვნა, რომ აუცილებლად უნდა მოიგო. როდესაც ასეთ სიტუაციას მიჩვეული არ ხარ, მეტოქე შეიძლება ფეხბურთის თამაშით არ გჯობდეს, მაგრამ გარემო მისთვის ნაცნობია და ესეც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
მიმაჩნია, რომ ფსიქოლოგიურად წელს ნებისმიერ მეტოქესთან საბრძოლველად მზად ვართ. შეკრებაზე ძლიერი მოწინააღმდეგეები შეგნებულად შევარჩიეთ. დავინახეთ, რომ თამაში ჩვენც შეგვიძლია. ეს პროცესია და არ ვიცი, საბოლოოდ რა გამოვა, მაგრამ მცდელობას არ დავაკლებთ.
ეროვნული ლიგა იოლი სათამაშო არ არის, დაძაბულია, მაგრამ არასაფეხბურთო მომენტები – უხარისხო მოედნები, მაყურებლის სიმცირე – უარყოფით დაღს ასვამს ჩვენს ჩემპიონატს.
კარგია, რომ ფედერაციამ ინფრასტრუქტურას მიხედა და მალე ბევრად უკეთესი ვითარება გვექნება. მოედნებისა და მაყურებლის გარეშე ძლიერი ჩემპიონატი წარმოუდგენელია“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.