საფეხბურთო ტაიმაუტი | გია ფირცხალავა - ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა #1TVSPORT
პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შესახებ თბილისის „დინამოს“ ყოფილმა მცველმა, გია ფირცხალავამ ისაუბრა.
„მინდა, ფეხბურთელებს ეს წარმატება მივულოცო, რადგან მთავარი მოქმედი გმირები ისინი იყვნენ და მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს. ასევე ვულოცავ მთელ საქართველოს, ჟურნალისტებს, ვეტერან ფეხბურთელებს…
საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ბევრს გაუხარდა, ჩვენმა მეგობარმა, ახრიკ ცვეიბამ დაგვირეკა და მოგვილოცა. ამ გამარჯვებამ 1981 წლის 13 მაისი გამახსენა, ბედნიერი ვარ, რომ იმ ზეიმსაც მოვესწარი. 26 მარტი სწორედ 13 მაისის განმეორება იყო – იმ დროს თბილისის „დინამო“ საქართველოს ნაკრები გახლდათ, სადაც ჩვენი ლეგენდები, უძლიერესი ფეხბურთელები თამაშობდნენ.
ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ახლანდელ წარმატებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ბავშვებისთვის, რომლებიც ამ სიხარულის მონაწილეები გახდნენ.
ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გააკეთეს. არასოდეს დამავიწყდება ბუდუ ზივზივაძის ეპიზოდი, წაქცეულიც კი ბურთისთვის რომ იბრძოდა. როდესაც ფეხბურთელი თანაგუნდელის ასეთ თავგანწირვას ხედავს, წარმოუდგენელი ემოციაა. წარმატება ზუსტად ასეთმა მონდომებამ მოგვიტანა“, – განაცხადა გია ფირცხალავამ.