საფეხბურთო ტაიმაუტი | გია ჭიაბრიშვილი - ევროპის ჩემპიონატზე წნეხის გარეშე ვითამაშებთ და ეს ჩვენი პლუსი იქნება #1TVSPORT
გია ჭიაბრიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.
„ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების გულშემატკივრობა პირველად მოგვიწევს და ეს უცნაური გრძნობაა. ყველაზე დიდი საქმე გაკეთდა და მგონია, რომ ახლა დანარჩენი უფრო ადვილი გასაკეთებელია და ყველასთვის რთული მოწინააღმდეგე ვიქნებით.
თურქების თამაშები ვნახე და ძალიან განსხვავებული აზრი ჩამომიყალიბდა ძალიან კარგსა და ცუდს შორის და ვერ გავიგე, როგორი გუნდია. მათი უპირატესობა ის გარემოა, სადაც ვეთამაშებით. ჩეხებს კი ყოველთვის ორგანიზებული გუნდი ჰყავდათ. მგონია, რომ რაღაც კუთხით უპირატესობა მაინც გვაქვს, რადგან პირველ ორ მატჩში ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ასეთად არც მეტოქე ითვლება.
წესით, პორტუგალიამ ჯგუფიდან გასვლის საკითხი პირველ ორ მატჩში უნდა გადაწყვიტოს და მათთვის ჯგუფის ბოლო მატჩს დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, ლოგიკურად ასე უნდა იყოს, მაგრამ ყველაფერი ლოგიკას არ ექვემდებარება. ხშირად ყოფილა, რომ დებიუტანტ ნაკრებს დიდ საერთაშორისო ტურნირზე პირველი თამაშები ისეთი მოულოდნელი შედეგებით დაუმთავრებია, დიდი ეფექტი მოუხდენია და დიდი შედეგიც დაუფიქსირებია. ასეთ ტურნირებზე გამოცდილება გვაკლია, მაგრამ წნეხის გარეშე ვითამაშებთ და ეს ჩვენი პლუსი იქნება.
საერთოდ, ჯერ კიდევ არ ვიცით, რა შეგვიძლია. საბერძნეთთან რაც ვნახეთ, მგონია, რომ არ არის იმის მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია. ამ მატჩების შემდეგ ფეხბურთელებმა ძალიან მოუმატეს, გოლები და საგოლე გადაცემები ბევრმა ჩაიწერა და მე კიდევ არ ვიცი, ევროპის ჩემპიონატზე როგორ ვითამაშებთ“, – ამბობს გია ჭიაბრიშვილი.