საფეხბურთო ტაიმაუტი | გია ბუღაძე - მგონია, რომ კვარაცხელია მბაპესა და ჰალანდის დონეს მიაღწევს, მოულოდნელობის ეფექტი აქვს და არ ეშინია #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გია ბუღაძე - მგონია, რომ კვარაცხელია მბაპესა და ჰალანდის დონეს მიაღწევს, მოულოდნელობის ეფექტი აქვს და არ ეშინია #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ მხატვარმა გია ბუღაძემ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, რატომ გულშემატკივრობს მადრიდის „რეალს“, რატომ სჯერა ხვიჩა კვარაცხელიასა და საქართველოს ნაკრების მომავლის.

 „მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარი ვარ. რატომ? ჩემთვის, ქართველისთვის, სეპარატიზმის პრობლემა არსებობს. ანალოგიური პრობლემა უდგას ესპანეთსაც, მეორე იბერიას. მე, საქართველო, აღმოსავლეთ იბერია ვარ. თან ისტორიას რომ შევეხე, აღმოვაჩინე, რომ „ბარსელონა“ მართლა სეპარატისტული რეგიონის გუნდს წარმოადგენს.

ამ ქალაქშია მეორე გუნდი – „ესპანიოლი“. ბედნიერი ვიქნებოდი, რომ სოხუმს ჰყავდეს ასეთივე ძლიერი გუნდი და „საქართველო“ ერქვას… ანუ „რეალი“ ჩემთვის ესპანეთის მთლიანობის სახეს წარმოადგენდა. „ბარსელონა“ კი ისეთი, როგორიც ახლაა, რეალურად, იოჰან კრუიფმა შექმნა, ნიდერლანდელმა – ეს ხალხი კი გენეტიკურად ესპანეთთან წინააღმდეგობაშია. ანუ ესპანეთის ცენტრის ალტერნატივის ჩამოყალიბებაში ნიდერლანდელი მონაწილეობდა.

ეს რომ გავაცნობიერე, მივხვდი, რომ ჩემს ქვეყანაშიც რაღაც მსგავსი ხდებოდა. თბილისის „დინამო“ იყო საქართველოს ერთიანობის სიმბოლო, რომელიც საბჭოთა პერიოდში, რეალურად, ჩვენი ნაკრები იყო. ამიტომ ვგიჟდებოდით. უნდა გამოგიტყდეთ, ყოველი თამაშის წინ ეკლესიაში მივდიოდი და ვლოცულობდი, რომ „დინამოს“ მოეგო.

მიაღწევს თუ არა კვარაცხელია იმ დონეს, რომ მბაპეს და ჰალანდს შევადაროთ? მგონია, რომ კი, რადგან შემოქმედებითია და არავის არ ჰგავს.  მოულოდნელობის ეფექტი აქვს, რაც თქვენ (გადაცემის თანაწამყვან ვლადიმირ გუცაევს მიმართა) და მესხს გქონდათ. რაც მთავარია, ხვიჩას არ ეშინია! ანუ თავისუფალია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – მოვალეობების გამო არ ითრგუნება, შემოქმედი კი ყოველთვის თავისუფალია.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატს მიაღწევს, თუ მენტალურად თავისუფლები ვიქნებით. სახელმწიფომაც დიდი ფინანსური ძალისხმევა უნდა გაიღოს. ნიჭი კი საქართველოში არის – თუნდაც ჩვენი არაჩვეულებრივი მეკარე ავიღოთ – გიორგი მამარდაშვილი, რომელიც „ვალენსიაში“თამაშობს. მისი მოგერიებული ბურთები ძალიან ხშირად ხვდება საუკეთესო ხუთეულში. ქვეყანას ორი ასეთი გამოკვეთილი მოთამაშე რომ ჰყავს, პოტენციალი ჩანს“, – განაცხადა გია ბუღაძემ.