საფეხბურთო ტაიმაუტი | „გაგრის“ პრეზიდენტი - უახლოეს პერიოდში კლუბი სააქციო საზოგადოებად გადაკეთდება #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“, „გაგრის“ პრეზიდენტმა, ბესიკ ჩიხრაძემ არ დამალა, რომ ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის მზადების პერიოდში გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა.
„სეზონისთვის მზადება საკმაოდ მძიმე პირობებში დავიწყეთ, რაც ფინანსურ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ახლა ვითარებას თანდათან ვასტაბილურებთ. შარშანდელი შემადგენლობიდან ფეხბურთელების უმრავლესობა გუნდიდან წავიდა და, ფაქტობრივად, ახალი გუნდი შევკრიბეთ, თუმცა იმედიანად ვართ განწყობილი.
კლუბის კომერციალიზაციაზე ვმუშაობთ, უფრო კარგი პროდუქტის შექმნა გვინდა და იმედია, ამ გზას წარმატებით გავივლით.
საინიციატივო ჯგუფი საქმეს უკვე შეუდგა, მას ცნობილი ბიზნესმენი ხელმძღვანელობს და „გაგრა“ სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდება. მჯერა, გამოჩნდებიან ადამიანები და საფეხურთო კლუბი „გაგრა“, რომელიც აფხაზეთის სიმბოლოა, კვლავ იარსებებს. იმედი მაქვს, სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბება კლუბს სტაბილურობას მოუტანს“, – განაცხადა ბესიკ ჩიხრაძემ „საფეხბურთო ტაიმაუტში“.