საფეხბურთო ტაიმაუტი | გაბრიელ სიგუა - ვერ ვიჯერებდი, რომ ნაკრებში 17 წლის ასაკში გამომიძახეს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გაბრიელ სიგუა - ვერ ვიჯერებდი, რომ ნაკრებში 17 წლის ასაკში გამომიძახეს #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ 17 წლის ნახევარმცველმა, გაბრიელ სიგუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ მონღოლეთთან გამართული ამხანაგური შეხვედრა გაიხსენა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

„ეს ჩემთვის პირველი თამაში იყო და საკმაოდ ვნერვიულობდი. მონღოლეთთან სანიოლმა ის ფეხბურთელები დააყენა, ვისაც ნაკრებში ბევრი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, ჩემთვის კი სადებიუტო თამაში იყო.

რაც შეეხება ნორვეგიასთან მატჩს, საკმაოდ კარგი, დაბალანსებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა და ვფიქრობ, შედეგი დამაკმაყოფილებელია. მათგან ედეგორი მომეწონა, ასეთი ფეხბურთელი ლაივში არ მინახავს. ძალიან ტექნიკურია, გუნდის ლიდერია და თამაშს კარგად ანაწილებდა. მისი თამაშით აღფრთოვანებული ვარ.

თამაში რუსთავში დავიწყე, შემდეგ ორი წელი „საბურთალოს“ აკადემიაში ვვარჯიშობდი, ხოლო „დინამოს აკადემიაში“ 13 წლის ასაკში მიმიწვიეს. ბაზაზე ვცხოვრობდი და ვშრომობდი. ყველა ბავშვს მოვუწოდებ, რომ იშრომონ – ეს ყოველთვის დაუფასდებათ, „დინამოში“ კი განვითარებისთვის იდეალურ პირობებია.

შემდეგ ასაკობრივ გუნდში ლადო კაკაშვილთან ვვარჯიშობდი. იქ შემნიშნა გია ჭიაბრიშვილმა, მთავარ გუნდში დამიბარა და პროფესიულ ფეხბურთში ჩემი კარიერა ასე დაიწყო. ნაკრებში გამოძახებას კი არ ველოდი – უბრალოდ, ვერ ვიჯერებდი, რომ ამას 17 წლის ასაკში მივაღწიე, რაც ბევრისთვის დიდი ხნის ოცნებაა. ბიჭები ისე თბილად დამხვნენ და ყველაფერი ძალიან გამიმარტივდა“, – ამბობს გაბრიელ სიგუა.