საფეხბურთო ტაიმაუტი | ერთადერთი ბათუმის „დინამოა“, რომელმაც ევროთასებზე იმედი დაგვიტოვა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმრებმა და თანამწამყვამა ვლადიმერ გუცაევმა ევროტურნირების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდებიდან ყველაზე წარმატებულად ბათუმის „დინამოს“ გამოსვლა აღიარეს, რომელმაც სლოვაკეთის ჩემპიონ „სლოვანთან“ ბრატისლავაში მატჩი 0:0 დაასრულა.
ვლადიმერ გუცაევი: „ერთად-ერთი გუნდი ბათუმის „დინამოა“, რომელმაც ევროთასებზე იმედი დაგვიტოვა. მეორე ტაიმში 10 კაცით გუნდმა ისე კარგად ითამაშა, გამიკვირდა“.
რევაზ ძოძუაშვილი: „ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს ვურჩევ, გოლის გატანაზე მაისურა არ გაიხადონ და პირველ წუთზე ყვითელი არ მიიღონ. პირველივე წუთზე ყვითელს რომ მიიღებ, შემდეგ ნებისმიერი მწვრთნელი დავალებას მისცემს, რომ მას ჩაუსაფრდეს და ფეხი ისე მიარტყას, პასუხის დაბრუნებაზე რომ გააძევონ. რა სელექცია აქვთ, ამაზე პასუხს განმეორებითი მატჩი გაგვცემს, მაგრამ „დინამო თბილისზე“ უკეთესი სელექცია რომ აქვთ, ეს ფაქტია – თბილისიდან ყველა საუკეთესო წაიყვანეს“.
თემურ ღაღანიძე: „ბათუმის „დინამო“ ბოლო ორი წელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ლიდერად რომ ჩამოყალიბდა, ამას ლაპარაკი აღარ უნდა. გუნდმა დიდი რამ გააკეთა. მეორე მატჩში კობახიძე ვერ ითამაშებს და რეხვიაშვილი შეცვლის. ეს ბიჭი მაოცებს. ასაკი რაც ემატება, უფრო უკეთ თამაშობს და დარწმუნებული ვარ, განმეორებით მატჩსაც ღირსეულად ჩაატარებს. ბათუმის „დინამო“ ნორმალურად დაკომპლექტებულია და სელექციაც კარგი აქვთ“.